კერძო საკუთრებასთან დაკავშირებული 3 წლიანი დავა მოქალაქე გ.ქ.-ს და სახელმწიფოს შორის მოქალაქის გამარჯვებით დასრულდა. მესაკუთრის ინტერესებს სასამართლოში "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” იურისტი, ოლიკო შერმადინი იცავდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით დიდი ლილოს ტერიტორიაზე მდებარე 12 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რომლის საბაზრო ღირებულება აუდიტის შეფასებით მილიონ ნახევარი ლარია, მოქალაქე გ.ქ.-ს საკუთრებაში დაუბრუნდა.
მოქალაქე გ. ქ. - მ და 17-მა მოიჯარემ აღნიშნული ნაკვეთი 2006 წელს სახელმწიფოსგან აუქციონის წესით შეიძინეს და ყველა წესის დაცვით საჯარო რეესტრში დაარეგისტრირეს, თუმცა, 2010 წელს, ეს ტერიტორია სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრიდა და მასზე ნაგავსაყრელი მოეწყო.
"3 წლიანი დავის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა. ბათილად იქნა ცნობილი მოქ. გ.ქ.-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრაციისა და თანმდევი გადაწყვეტილებები და საჯარო რეესტრს დაევალა გ.ქ.-ის განცხადებით მოთხოვნილი რეგისტრაციის განხორციელება",- ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებაში.
გ.ქ. სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ აპირებს სახელმწიფოსაგან მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვას.

























