მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკი რუსეთის ფედერაციას საბოლოოდ ტოვებს. Morgan Stanley-ის წლიურ ანგარიშში ამ გადაწყვეტილების აღსრულების ვადები და მიზეზები არის დასახელებული.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ 2018 წლის შემოდგომაზე Bloomberg წერდა Morgan Stanley-ში სერიოზულ შემცირებებზე, ბანკში ირწმუნებოდნენ, რომ ქვეყნის დატოვება არ განიხილებოდა. გუშინ საღამოს კი, ცნობილი გახდა, რომ 2020 წლის I კვარტლის ბოლომდე Morgan Stanley რუსეთის ცენტრალურ ბანკს საბროკერო და დეპოზიტარულ ლიცენზიებს ჩააბარებს, რაც ამ ბიზნეს მიმართულებების სრულ ლიკვიდაციას ნიშნავს.
Morgan Stanley რაპორტში ამოვიკითხეთ მიზეზებიც: ეს არის ევროკავშირის და შეერთებული შტატების სანქციები, ბაზრის არასტაბილურიბა და არაპროგნოზირებადი რეგულირება.
Morgan Stanley რუსეთში გასული საუკუნის 90-იან წლებში დაფუძნდა და ეს ბაზარი ყველაზე მძიმე კრიზისულ 1998 წელსაც არ დატოვა, რის გამოც იგი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ დასავლურ საინვესტიციო ბანკად ითვლებოდა რუსეთში.
Morgan Stanley არაერთგზის უწევდა კონსულტირებას რუსეთის მთავრობას, ასევე კომპანია “როსნეფტს” და იყო უპირობო ლიდერი რუსულ ბაზარზე M&A(Mergers and acquisitions)-ს მიმართულებით.

























