„მაკდონალდს საქართველო“ აგრძელებს იმ წარმატების ისტორიის წერას, რომელმაც ბოლო წლებში ქვეყანა „მაკდონალდსის“ გლობალურ რუკაზე არაერთხელ გამოკვეთა. რეი კროკის საერთაშორისო ჯილდოს ქართველი მფლობელების რიგებს წელს კახეთის გზატკეცილზე მდებარე რესტორნის დირექტორი თამარ ოგანეზოვი შეუერთდა. პრესტიჟული ჯილდო „მაკდონალდსის“ რესტორნების დირექტორებს განსაკუთრებული პროფესიული მიღწევებისთვის, რესტორნის საუკეთესო ფუნქციონირების, გუნდის ეფექტური მართვისა და მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურებისა და კომფორტული გარემოს შექმნისთვის გადაეცემათ.
თამარ ოგანეზოვის გამარჯვება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მაღალ სტანდარტებს, რომლითაც „მაკდონალდს საქართველო“ უკვე წლებია გლობალურ ქსელში გამოირჩევა. ბოლო წლების განმავლობაში “მაკდონალდს საქართველოს” წარმომადგენლები რეი კროკის ჯილდოს არაერთგზის მფლობელები გახდნენ, რაც მცირე ბაზრის მქონე ქვეყნისთვის განსაკუთრებული მიღწევაა და საერთაშორისო დონეზე ქართული რესტორნის მორიგ წარმატებას წარმოადგენს.

რეი კროკის ჯილდო „მაკდონალდსის“ სისტემაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და პრესტიჟულ აღიარებად მიიჩნევა. ჯილდოს მფლობელები მსოფლიო მასშტაბით იმ მენეჯერებს შორის შეირჩევიან, რომლებიც გამორჩეულ შედეგებს აჩვენებენ საოპერაციო ეფექტიანობის, ლიდერობის, თანამშრომელთა განვითარების და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომების მიმართულებით.
თამარ ოგანეზოვმა საერთაშორისო აღიარება „მაკდონალდსის“ გლობალური კონვენციის ფარგლებში მიიღო, რომელიც ლას-ვეგასში გაიმართა. ღონისძიება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან „მაკდონალდსის“ წარმომადგენლებს, პარტნიორებს, მომწოდებლებსა და რესტორნების დირექტორებს აერთიანებს.
„ჩემთვის ეს ჯილდო უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა. ეს აღიარება მხოლოდ ჩემი არ არის, ის მთელი გუნდის დამსახურებაა, რომელთან ერთადაც ყოველდღიურად ვზრუნავ მომხმარებლებისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნაზე. მიხარია, რომ ჩვენი შრომა და ერთგულება საერთაშორისო დონეზეც დაფასდა. ეს წარმატება კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს, მომავალშიც იგივე სტანდარტებით გავაგრძელო მუშაობა“, აღნიშნავს თამარ ოგანეზოვი.

„მაკდონალდს საქართველოს“ გენერალური დირექტორის, თენგიზ კაპანაძის განცხადებით, კომპანიის წარმატების საფუძველი თანამშრომლების პროფესიული განვითარება, ძლიერი კორპორაციული კულტურა და მაღალი საოპერაციო სტანდარტებია.
„ვამაყობთ, რომ „მაკდონალდს საქართველოს“ გუნდის კიდევ ერთი წარმომადგენელი გახდა რეი კროკის საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი. თამარის პროფესიონალიზმი, ლიდერული უნარები, გუნდის ეფექტიანი მართვა და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა ამ აღიარების საფუძველია. ეს ჯილდო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი გუნდი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის შედეგებს ქმნის და წარმატებით წარმოადგენს საქართველოს გლობალურ ქსელში“, აცხადებს “მაკდონალდს საქართველოს” გენერალური დირექტორი თენგიზ კაპანაძე.
25-წლიანი ისტორიის განმავლობაში „მაკდონალდს საქართველოს“ და მის თანამშრომლებს არაერთი საერთაშორისო ჯილდო და აღიარება აქვთ მიღებული. რეი კროკის ჯილდო კომპანიისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატებაა, რომელიც ადასტურებს, რომ „მაკდონალდს საქართველო“ მომხმარებელზე ზრუნვის, თანამშრომელთა განვითარების და ოპერაციული სრულყოფილების მიმართულებით მსოფლიო სტანდარტებს წარმატებით პასუხობს.
საერთაშორისო მასშტაბით მიღწეული ეს აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კომპანიის მთავარ ფასეულობებს: ადამიანებზე ზრუნვას, ხარისხს, გუნდურობასა და მუდმივ განვითარებას.




























