მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მორიგი სკანდალი ლუვრში - თანამშრომლები 15 დეკემბრიდან გაფიცვას აანონსებენ

ლუვრი

ლუვრის მუზეუმის თანამშრომლებმა ორშაბათს გაფიცვის გადაწყვეტილება მიიღეს. მათი განმარტებით, გადაწყვეტილება არასათანადო სამუშაო პირობების, უსაფრთხოების ნორმების დარღვევის, შენობის სტრუქტურული პრობლემების და ვიზიტორებისთვის ბილეთების გაძვირების გამო იქნა მიღებული.

წერილში, რომელიც მომავალი ორშაბათიდან (15 დეკემბრიდან) თანამშრომლების გაფიცვის შესახებ იტყობინება, პროფკავშირები აღნიშნავენ, რომ ლუვრის მონახულება "ნამდვილ დაბრკოლებების ველად იქცა" მილიონობით დამთვალიერებლისთვის, რომლებიც ხელოვნებისა და არტეფაქტების უზარმაზარი კოლექციების დასათვალიერებლად ჩამოდიან პარიზში.

მუზეუმი "კრიზისშია", არასაკმარისი რესურსებითა და "სულ უფრო გაუარესებადი სამუშაო პირობებით", — ნათქვამია პროფკავშირების მიერ გამოქვეყნებულ წერილში.

"2025 წლის 19 ოქტომბერს მომხდარმა ქურდობამ ხაზი გაუსვა ლუვრის პრიორიტეტებში არსებულ ხარვეზებს, რომელთა შესახებაც დიდი ხანია ვლაპარაკობთ", — აცხადებენ პროფკავშირები.

წერილში აღნიშნულია, რომ თანამშრომლები მოითხოვენ რესურსები მუზეუმის შენობის გაუმჯობესებასა და მისი კოლექციების, ვიზიტორებისა და თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვას მოხმარდეს.

"ჩვენ ვიმყოფებით მოძველებულ მუზეუმში, რომელმაც თავისი უსაფრთხოების ნორმების და სისტემის სისუსტეები გამოავლინა", — განაცხადა ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში ლუვრის თანამშრომლების ოფიციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან გალანიმ. მისი თქმით, ორშაბათს დილით თანამშრომლების მიერ გაფიცვის საკითხზე კენჭისყრა ერთხმად წარიმართა და დაგეგმილმა ეტაპობრივმა გაფიცვებმა, შესაძლოა, მუზეუმის დახურვა გამოიწვიოს.

"გვჭირდება ცვლილებები", — თქვა მან.

ცნობისთვის ლუვრიდან 19 ოქტომბერს ქურდებმა $102 მილიონად შეფასებული საიმპერატორო სამკაულები გაიტაცეს. 17 ნოემბერს სტრუქტურული პრობლემების გამო ლუვრის ერთ-ერთი გალერეა და მის ზემოთ განთავსებული ადმინისტრაციის განყოფილება დაიხურა. ხოლო გუშინ 8 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ეგვიპტური სიძველეების განყოფილებაში ჩასულმა წყალმა 400 წიგნი დააზიანა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები