საქართველოს მოსახლეობის 57.1% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება — ასეთია სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) მიერ 2025 წლის მაისში ჩატარებული კვლევის შედეგი. სწორი მიმართულებით განვითარების მოსაზრებას მხოლოდ 33% ეთანხმება, 6.6%-ს პასუხი არ აქვს, ხოლო 3.3%-მა პასუხზე უარი თქვა.
საქართველოს ეკონომიკას სუსტად აფასებს უმრავლესობა — 66% ქვეყნის მასშტაბით და 81% თბილისში მიიჩნევს, რომ ქვეყნის ეკონომიკა მეტ-ნაკლებად სუსტი ან ძალიან სუსტია. რეგიონებში ეს მაჩვენებელი 60%-ს შეადგენს.
კვლევა ასევე მიუთითებს, რომ მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებს მაღალი ფასები და უმუშევრობა წარმოადგენს. თბილისის მოსახლეობა განსაკუთრებულად გამოყოფს მთავრობის მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევას.

რაც შეეხება სხვა შედეგებს, კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 54,5% ემხრობა ოპოზიციის მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში.
კითხვაზე, ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა მიიღონ თუ არა მონაწილეობა 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებში, მოსახლეობას განწყობა ასე ნაწილდება:
- დიახ - 54,4 %,
- არა - 22,3%
- არ ვიცი/ უარი პასუხზე - 23,2% .
რაც შეეხება პარტიების რეიტინგს, ალოკაციის მეთოდით პოლიტიკური პარტიების რეიტინგი ასე გამოიყურება .
- კოალიცია ცვლილებებისათვის - 16,9%-ს,
- ნაციონალური მოძრაობა 14,6%
- ლელო ძლიერი საქართველო - 13,4%
- გახარია საქართველოსთვის 12,4%
- ქართული ოცნება 35,2%
კვლევა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) ამერიკულ პარტნიორ Rosner Research LLC-თან თანამშრომლობით ჩაატარა. კვლევა 2025 წლის 5-20 მაისს განხორციელდა პირისპირ ინტერვიუს ფორმატში 2000 სრულწლოვან რესპონდენტთან. შერჩევა ალბათური იყო, კლასტერული შერჩევის პრინციპით, წინასწარი სტრატიფიკაციით. ცდომილება ±2.2%-ია 95%-იანი სანდოობის დონეზე.




























