საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას 2016 წლის ბიუჯეტის ფარგლებში 40 მილიონი ლარი დაემატება. ამას 2016 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს. პროექტის მიხედვით, სხვადასხვა სამინისტროების ასიგნებებში ადმინისტრაციული ხარჯების შეზღუდვის და ზოგიერთ პროგრამაში არსებული ეკონომიების ხარჯზე, უწყებების ასიგნებები საბიუჯეტო სახსრების ნაწილში 40 მილიონი ლარით მცირდება და მობილიზებული რესურსი ჯანმრთელობის დაცვის საყოველთაო პროგრამის დასაფინანსებლად მიიმართება. 2016 წლის 11 თვის საკასო შესრულების მიხედვით, პროგრამის ფარგლებში 600 მილიონ ლარამდეა ათვისებული. 2017 წლის ბიუჯეტში კი ყველაზე დიდი ნაწილი ხარჯებში ჯანდაცვის სამინისტროს უჭირავს, დაფინანსებაც მიმდინარე წელთან შედარებით იზრდება, - თემის დეტალებით "ბიზნესკონტრაქტთან" საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის გენერალური დირექტორი ნიკა გამყრელიძე საუბრობს.
- ბატონო ნიკოლოზ, 2017 წლის ბიუჯეტში ყველაზე დიდი ნაწილი ხარჯებში ჯანდაცვას უჭირავს და როგორ შეაფასებდით, რომ 2017 წელს ჯანდაცვის ხარჯები იზრდება?
- საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა შედარებით ახალგაზრდა პროგრამაა, რომლის აბსოლუტური სიზუსტით გათვლა თავიდან შეუძლებელი იქნებოდა. ყოველ წელს ახალი სერვისების დანერგვა და საქართველოს მოსახლეობისთვის მიწოდება ხდება და რაც მთავარია, საქართველოს მოსახლეობა სწავლობს როგორ გამოიყენოს აღნიშნული სერვისები და შესაბამისად ოპტიმიზაცია იზრდება და ეს, რა თქმა უნდა, გაზრდილ ხარჯებს იწვევს.
- როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იმისთვის გაკეთდეს, რომ თანხები მაქსიმალურად ეფექტურად დაიხარჯოს?
- ცვლილებები, რომელიც დაგეგმილია ორი ნაწილისგან შედგება. ერთი არის მეტი ფოკუსირება უფრო მოწყვლად მოსახლეობაზე, ანუ იმ მოსახლეობაზე, რომელსაც გარკვეული შემოსავალი აქვს კერძო დაზღვევაში გადამისამართება, რასაც აბსოლუტურად ვეთანხმები, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ჯერ-ჯერობით განვითარებადი ეკონომიკაა. შესაბამისად ამ კუთხით უფრო სოლიდარულები უნდა ვიყოთ და მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც გარკვეული შემოსავალი აქვს მათ კერძო დაზღვევით უნდა ისარგებლონ, რაც ხშირ შემთხვევაში ხდება კიდეც, გარკვეული გამონაკლისების გარეშე. შედარებით მწირი ბიუჯეტი ფოკუსირებული უნდა იყოს უფრო დამატებით ბენეფიტებზე. გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც ავარია ხდება სასწრაფო დახმარების მანქანა ყველა განვითარებულ ქვეყანაში ცდილობს, რომ დაზარალებული მულტიპროფილურ დაწესებულებაში მიიყვანოს, რადგან პირველადი დიფერენცირებული დიაგნოსტიკა, რასაც პაციენტს ვუკეთებთ, შესაძლოა სრული არ იყოს და მას სხვა სერვისები დასჭირდეს, რომელიც მონოპროფილურ დაწესებულებაში შეიძლება მას ვერ ჩაუტარდეს, ამან გართულება და დამატებითი ხარჯები გამოიწვიოს, ან სავალალო შედეგამდეც კი მიგვიყვანოს. ამიტომ ვფიქრობ, რომ სელექტიური კონტრაქტირება განსაკუთრებით გადაუდებელ შემთხვევაში აუცილებელია.
- ამ შემთხვევაში სახელმწიფო პროგრამიდან ის დაწესებულებები ამოვარდებიან, სადაც ფრაგმენტული მკურნალობა ხდებოდა. რამდენად სწორია ეს მიმართულება და შეიძლება თუ არა პატარ-პატარა კლინიკები გაერთიანდნენ და ერთი მულტი პროფილური ცენტრი შექმნან?
- პირველ რიგში ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ამოვარდნა დახურვას არ ნიშნავს. დღეს საქართველოში არის რიგი კლინიკები, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში საერთოდ არ მონაწილეობენ და ძირითადად გეგმიური სერვისების კუთხით არსებობენ და ფუნქციონირებენ. ჩვენს პორტფელშიც არის ასეთი მიმართულება, რაშიც ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. გაერთიანებასა და კონსოლიდაციას რაც შეეხება, ეს წლებია ბაზარზე მიმდინარეობს და მოსალოდნელია, რომ პატარა კლინიკების კონსოლიდაციაც მოხდეს და რომელიმე მათგანი ან ჯგუფი მულტიპროფილურ დაწესებულებად გარდაიქმნეს. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში მათ შესაძლებლობა ექნებათ ძირითადად გადაუდებელ შემთხვევებში პაციენტს სრულფასოვანი მკურნალობა გაუწიონ.

























