მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მოსალოდნელია, რომ სამშენებლო მასალები 30%-მდე, ხოლო უძრავი ქონება 20%-ით გაძვირდება - თორნიკე გურული

თორნიკე გურული

გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების ფონზე, საქართველოში სამშენებლო მასალების ფასების მნიშვნელოვანი კორექტირება გარდაუვალია. ამის შესახებ BMG-სთან „გორგიას“ აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე გურული საუბრობს.

მის თქმით, ფასების ზრდა რამდენიმე გლობალურ ფაქტორს უკავშირდება, მათ შორის, ნედლეულის დეფიციტსა და ენერგორესურსების გაძვირებას.

„გორგიას“ დირექტორი განმარტავს, რომ ფასების ზრდაზე ერთდროულად რამდენიმე კრიზისული კერა მოქმედებს.

„ერთი, ეს გახლავთ ირანში არსებული კრიზისი და კონფლიქტი, რომელიც მოქმედებს მრავალი მიმართულებით: ეს არის ნავთობის ფასები და ასევე პოლიეთილენი, რომელიც ძალიან გაძვირდა. ამიტომ, ყველაფერი, რაც პლასტმასს შეიცავდა, გაძვირდა. ცალკეულ ქვეყნებში არის კრიზისი წარმოებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცით, რომ ირანში ცალკეული ქარხნები დაიკეტა. ინდოეთის ქარხნების ძირითადი ნაწილი, რომელიც ფილებს აწარმოებდა, დაიკეტა, რადგანაც გაზის მიწოდება არ აქვთ. იგივე პრობლემაშია ჩინეთის ბევრი წარმოება. თურქეთშიც მსგავსი სიტუაციაა.

მთლიანობაში, რამდენიმე კომპონენტია. პირველი - ეს გახლავთ საწვავი, რაზეც მსოფლიოში ფასების კოლოსალური ზრდაა და რასაც საწვავი სჭირდება, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, ფასები გაიზარდა. მეორე არის საწვავით წარმოებული ნედლეული - თუ ვერ ვაწარმოებთ ნედლეულს ან ძვირად ვაწარმოებთ, მზა პროდუქტსაც უკვე ძვირად ვყიდით. და მესამე - ეს გახლავთ სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა რეგულაციები. მაგალითად, ცალკეულ პროდუქტებზე ჩინეთმა სახელმწიფო სუბსიდირება მოხსნა, რის გამოც პროდუქტები მხოლოდ ამის გამოც გაძვირდა. მეზობელ თურქეთში ვალუტის კურსის ცვალებადობაც სახეზეა. დღეს ჯამში თითქმის ყველა ტიპის ფაქტორი გვაქვს იმისთვის, რომ ფასები გაიზარდოს.“

მისივე თქმით, საერთაშორისო ბაზარზე ფასების სხვაობა დრამატულია და ზოგ შემთხვევაში 40%-საც აღწევს.

„ყველაზე კარგ შემთხვევაში, რასაც ჩვენ ვხვდებით, ეს არის 5-დან 7%-მდე, ყველაზე ცუდ შემთხვევაში კი - 35-40%-იან ფასების სხვაობას. ტრანსპორტირების ხარჯები ჯერ კიდევ არ არის დასტაბილურებული და უნდა ვივარაუდოთ, რომ ის კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, რაც იმას გამოიწვევს, რომ საქართველოში აუცილებლად დაკორექტირდება სამშენებლო-სარემონტო მასალებზე ფასი“ - ამბობს BMG-სთან თორნიკე გურული.

კითხვაზე, თუ როდის აისახება ეს ცვლილებები ქართულ დახლებზე, გურული განმარტავს, რომ პროცესი უკვე დაწყებულია, თუმცა მსხვილი კომპანიები ფასების შეკავებას ჯერჯერობით ახერხებენ.

„ამ ეტაპზე ქართულმა კომპანიებმა, რომლებიც ყიდიან სამშენებლო-სარემონტო მასალებს, ნაწილმა უკვე დაიწყო მუშაობა ამ მიმართულებით. ჩვენ, რადგანაც გვაქვს ცენტრალური, ძალიან დიდი საწყობები, ჯერჯერობით მარაგები კიდევ გვაქვს და წინასააღდგომო პერიოდში არ ვაპირებთ პროდუქტების გაძვირებას. მაგრამ, თუ ასე გაგრძელდა და რამე ტიპის პროგნოზი არ შეიცვალა, აღდგომის შემდგომ პერიოდში ჩვენც გავაძვირებთ ცალკეულ მიმართულებებზე ფასებს, რადგანაც ისინი უკვე ახალი ფასებით გვექნება შეძენილი. ეს იქნება 5-დან 30%-ის ფარგლებში, გააჩნია პროდუქტს, ნედლეულს და ტრანსპორტირებას.

თუ ტენდენცია გაგრძელდა, უძრავ ქონებაზე ფასები აუცილებლად გაიზრდება. ჩემი პროგნოზი არის დაახლოებით 20%-ის ფარგლებში, იმიტომ რომ თუ ჩვენ დავაკვირდებით ფასების ზრდის ტენდენციას სამშენებლო მასალებზე, ტრანსპორტირებაზე და ასე შემდეგ, დაახლოებით 20%-ით აუცილებლად გაიზრდება ფასები უახლოეს პერიოდში, რასაც, ჯამში, ვფიქრობ, 3-დან 6 თვემდე დასჭირდება“ - განმარტავს თორნიკე გურული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები