მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მოსალოდნელია თუ არა ცვლილებები "ქართული ოცნების" გუნდში?

5c34a48ce2f11
BM.GE
08.01.19 17:22
1392
პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნება” სრული შემადგენლობით დაბა კაჭრეთში, სასტუმრო “ამბასადორშია” შეკრებილი.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ეს არის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პირველი მასშტაბური შეკრება, სადაც ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებთან ერთად სამომავლო გეგმებს განიხილავენ.

იქნება თუ არა ამ ფორმატში საუბრები საკადრო ცვლილებებზე, ამაზე არავინ საუბრობს, თუმცა დიდი ალბათობით კაჭრეთში შეკრებილები მხოლოდ “ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობის გაუმჯობესებისთვის” შეიკრიბნენ.

არჩევნების დასრულებისთანავე, “ქართული ოცნების“ წევრები აცხადებდნენ, რომ ამომრჩევლისგან მიიღეს გზავნილი ცვლილებებზე, რაც უკეთეს და უფრო ეფექტურს გახდიდა მმართველობას, გადაწყვეტილების მიღების ხარისხს და ოპერატიულობას.

ფაქტია, რომ “ქართული ოცნება” არჩევნების ორთავე ტურის შედეგებს, მხოლოდ ეხლა, თითქმის ერთი თვის თავზე აჯამებს და რეალური ცვლილებები ამ დროისთვის არ ჩანს, თუ არ ჩავთვლით დრამატულ ცვლილებებს პარალამენტის იურიდიულ კომიტეტში, რომელიც ჯერ მისი თავმჯდომარის ეკა ბესელიას გადადგომით, ხოლო შემდგომ კომიტეტის ახალარჩეული თავმჯდომარის პირველი მოადგილის გედევან ფოფხაძეს საპარლამენტო უმრავლესობიდან გამოწვევით დასრულდა.

ბესელიამ საქართველოში დაბრუნებისთანავე რამდენიმე კომენტარი გააკეთა და მათგან ყველაზე საგულისხმო TV “პირველის” ეთერით გაჟღერებული გზავნილია, სადაც ის ამბობს: ”მზად ვარ წავიდე სახლში, წავიდე პოლიტიკიდან, თუ ეს არ გაამრუდებს სამართლიანობისთვის ბრძოლის იდეას”.

რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს აღამსრულებელ ხელისუფლებაში, ამ ეტაპზე ცვლილებებზე აქტიური საუბრები აღარ მიდის, რასაც BM.Ge-ის წყარო საახალწლო დღეებით და “გადატვირთული” დღესასწაულებით ხსნის, თუმცა, წლის ბოლოს განხორციელებული ცვლილებები მხოლოდ დასაწყისია და იგივე, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ადასტურებს, რომ სამინისტრის ვერტიკალში ცვლილებები გაგრძელდება.

მოხდება თუ არა ცვლილებები აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში? “ცვლილებები არასდროს არის ცუდი”, - ეს გახლდათ ამ თემაზე გასულ წელს პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძეს ბოლო კომენტარი, რომელიც მედიამ როგორც შესაძლო ცვლილებების დასტურად აღიქვა.

რა ფორმით ან დოზით განხორციელდება ეს ცვლილებები “ქართული ოცნების” სამთავრობო გუნდში, ცნობილი იანვრის ბოლოსთვის გახდება, რაზეც საბოლოო გადაწყვეტილებას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მიიღებს, რომელმაც ამომრჩევლის წინაშე საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ პირობა დადო, რომ პირადად დაკავდებოდა პარტიული მენეჯმენტით და უახლოესი 1 წლის განმავლობაში სერიოზული ცვლილებებიც დაანონსა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები