მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელის ალეკო პაპავას განცხადებით, დასავლეთ საქართველოში გავრცელებული ფუტკრის დაავადება ტროპილელაფსი თაფლის წარმოების მნიშვნელოვან შემცირებას არ გამოიწვევს. როგორც მან bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა, თაფლის წარმოების უდიდესი ნაწილი მსხვილ მწარმოებლებზე მოდის, რომლებსაც აქვთ ინტერესი, რომ ებრძოლონ ამ დაავადებას და დგამენ შესაბამის ნაბიჯებს, რათა დაავადებამ ფუტკრის ოჯახები არ გაანადგუროს.
„თუ ამ დაავადებამ ფუტკრის ოჯახების დაცემა გამოიწვია, თაფლის რაოდენობა შემცირდება, მაგრამ საქართველოში 95%-ზე მეტი მოყვარული მეფუტკრეა, რომლებიც თავიანთ საქმეს პროფესიონალურად არ უდგებიან. ხოლო 5% არის პროფესიონალი მეფუტკრეები, ანუ ვისზეც მოდის ექსპორტი და ფუტკრის ოჯახების დიდი რაოდენობა. ისინი, რა თქმა უნდა, ზრუნავენ რომ ოჯახები შეინარჩუნონ და დროულად მოახდინონ დაავადებების იდენტიფიკაცია და საჭირო ნაბიჯები გადადგან. მათზე მოდის თაფლის წარმოების დიდი წილი, ამიტომაც თაფლის წარმოების მოცულობაზე [ეს დაავადება] დიდად არ უნდა აისახოს“, - განმარტა ალეკო პაპავამ.
მისივე თქმით, წელს თაფლის რაოდენობა შარშანდელთან შედარებით ნაკლები არ იქნება. თუმცა, ეს ამინდზეა დამოკიდებული, - "ჯერჯერობით ამინდი გვიმართლებს", - აღნიშნა მან.
აღსანიშნია, რომ თუ რა რაოდენობის თაფლი იწარმოვა 2024 წელს, მომავალ კვირას გახდება ცნობილი. 2023 წელს კი, ქვეყანაში 2100 ტონა თაფლის წარმოება დაფიქსირდა, რაც მცირედით მეტია 2022 და 2021 წლების მაჩვენებლებზე, როცა ქვეყანაში წარმოებული თაფლის მოცულობამ 2000 ტონა შეადგინა.
რაც შეეხება ფასებს, მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელი ამბობს, რომ წელს, როგორც მოსალოდნელია, ფასები შარშანდელ ნიშნულზე შენარჩუნდება.
„ამჟამად თაფლის საბითუმო ფასი სახეობებიდან გამომდინარე 10-დან 17 ლარამდე მერყეობს. საცალო ფასი კი, 25-35 ლარამდეა კილოგრამზე“, - განაცხადა ალეკო პაპავამ.
ცნობისთვის, დასავლეთ საქართველოში ფუტკრის პარაზიტი ტროპილელაფსი 2024 წლიდან გავრცელდა. ის ფუტკრის ოჯახების დასუსტებასა და განადგურებას იწვევს. საკითხზე სურსათის ეროვნულ სააგენტოში შექმნილია სპეციალური ჯგუფი. მეფუტკრეთა გაერთიანება კი, დაავადების შესახებ მწარმოებლების ინფორმირებას უზრუნველყოფენ.




























