ამას აუცილებლად გავასაჩივრებთ - ამბობს მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე და კიდევ 9 დაკავებული პირი პატიმრობაში დატოვა.
მისი თქმით, მოსამართლეს არანაირი არგუმენტაცია არ ჰქონია და გადაწყვეტილება 30 წამში გამოაცხადა. თორნიკე მიგინეიშვილის თქმით, გადაწყვეტილების გასაჩივრება ჯერ შიდა დონეზე მოხდება, შემდეგ კი საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გადაიგზავნება.
გავასაჩივრებთ ჯერ შიდა დონეზე, შემდეგ კი ეს იქნება საქმე, რომელიც გაიგზავნება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, იმიტომ რომ დღეს რა პროცესიც ვიხილეთ, ყველაფერი იყო პროცესის გარდა და ყველანაირ სამართლებრივ ჩარჩოს იყო გაცილებული. სამართლებრივ ჩარჩოში მხოლოდ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია და მოსამართლის აცილების შუამდგომლობა იყო, რომელიც იმის დემონსტრირება იყო, როგორ უნდა მოექცეს მოსასმართლე დაცვის მხარე, რომელიც ჩამოდის დარბაზში უკვე დაწერილი გადაწყვეტილებით.
გადაწყვეტილება 30 წამში გამოაცხადა, შემოვიდა ამ პიროვნებების სახელები და გვარები ჩამოთვალა და ის, რომ მათ ტოვებდა პატიმრობაში. მაშინვე გავიდა დარბაზიდან და არანაირის სიტყვა არ უთქვამს, რათა აეხსნა რა მდგომარეობამ მიაღებინა ეს გადაწყვეტილება. ჩვენ ავიღებთ ამ გადაწყვეტილებას და გავეცნობით. მე ვთვლი, ეს იყო დარღვევებით წარმართული რამდენიმე საათი, რომელიც მედიისთვისაც უნდა გახდეს ხელმისაწვდომი, რათა საზოგადოებამ ნახოს, რეალურად როგორ ასაბუთებს თავის გადაწყვეტილებას მოსამართლე, რომელიც პროკურატურის მხრიდან უყურებდა დღევანდელ პროცესს“, - თქვა მან.