მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსამართლეების სანქცირება ინვესტორებისთვის უარყოფითი სიგნალია - ლალაზაშვილი

64354240aba33
თამთა ჯიჯავაძე
11.04.23 16:51
780
კომპანია BDO-ს მმართველი პარტნიორი ზურაბ ლალაზაშვილი აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირება უარყოფითი სიგნალი იქნება ინვესტორებისთვის.

როგორც მან გადაცემა #წერტილში აღნიშნა, სანქცირების ფაქტს საშუალო და შედარებით მცირე ინვესტორებზე უფრო მეტად ექნება გავლენა, ვინაიდან მსხვილი ინვესტორები დავის შემთხვევაში ძირითადად, საერთაშორისო არბიტრაჟს ირჩევენ.

„ნებისმიერი საშუალო თუ მსხვილი ინვესტორი საქართველოში შემოსვლამდე ეცნობა ბიზნესკლიმატს და ერთ-ერთი პირველი, რასაც აკეთებს ხოლმე, არის ის, რომ იურისტებს სამართლებრივი მოსაზრებისთვის მიმართავს. კერძოდ, მათ აინტერესებთ, რა ხდება ჩვენთან ამა თუ იმ დარგში, როგორ არის მოწყობილი საგადასახადო კანონმდებლობა თუ ა.შ. არ მგონია, რომ რომელიმე თავმოყვარე იურიდიულმა კომპანიამ გასცეს მოსაზრება, სადაც არ იქნება აღნიშნული, რომ მოსამართლეები, რომლებიც არიან მაღალი გადაწყვეტილების მიმღები პირები, აშშ-ის მიერ დასანქცირდნენ კორუფციის ბრალდებით. ამ ფაქტის გამო, ვინ შეიკავებს თავს ინვესტირებისგან და ვინ არა, ამის თქმა გამიჭირდება. თუმცა ვიცით, რომ მსხვილი ინვესტორები [დავის შემთხვევაში] ირჩევენ საერთაშორისო არბიტრაჟს, მაგრამ ჩვენ თუ გვინდა, რომ ვიყოთ გახსნილი, მათ შორის რეგიონის ქვეყნების ბიზნესმენებისთვის, როგორც წესი, სასამართლო არის მნიშვნელოვანი, რათა მათ დაცულად იგრძნონ თავი, და იცოდნენ, რომ თუ მათ დავა ექნებათ აქ პარტნიორთან, მას სასამართლო სამართლიანად გადაწყვეტს.

[მოსამართლეების სანქცირება] სწორედ ასეთი ტიპის საშუალო და მცირე ბიზნესმენებზე მოახდენს უარყოფით გავლენას უფრო მეტად, ვიდრე მსხვილ ინვესტორებზე. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ინვესტორებისთვის არის უარყოფითი სიგნალი“, - განაცხადა ლალაზაშვილმა.

შეგახსენებთ, 5 აპრილს აშშ-მა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის დასანქცირების შესახებ განაცხადა. კერძოდ, სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, მიხელ ჩინჩალაძის; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ლევან მურუსიძის; თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი შენგელიას; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ვალერიან ცერცვაძის [ყოფილი მოსამართლე] სანქცირება. მათ აეკრძალათ აშშ-ში გამგზავრება. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, სანქცირების მიზეზი მოსამართლეების მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის შესახებ ცნობები გახდა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები