„მოსამართლეებმა ნულოვანი ერთგულება იციან“, – ამის შესახებ ICC Georgia-ს თავმჯდომარემ ფადი ასლიმ ელენე კვანჭილაშვილის „ანალიტიკა“–სთან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც საქართველოში უცხოური ბიზნესის ყველაზე მსხვილი პალატის ხელმძღვანელი ამბობს, დღეს მთავრობა სასამართლოს საკუთარი დღის წესრიგის შესაბამისად იყენებს და სწორედ ამიტომ არ უნდა ამ სისტემის რეფორმირება. „ამით იმ ტოტს მოჭრიან, რომელზეც სხედან. მთავრობა ძალაუფლებას სასამართლოს დახმარებით ინარჩუნებს: ისინი იცავენ სასამართლოს, სასამართლო მათ იცავს. მოგება–მოგების სიტუაცია აქვთ“, – ამბობს ფადი ასლი.
ICC Georgia-ს თავმჯდომარის თქმით, ერთი, რაც ნებისმიერმა ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ის ტენდენციაა, რასაც ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდიდან მოყოლებული, უცვლელად ვაკვირდებით. „მოსამართლეებს არ გააჩნიათ ერთგულება" – ამბობს ფადი ასლი – "აი, დღეს უყურებთ მოსამართლეებს, რომლებიც მზად არიან ივანიშვილის სრულ მორჩილებაში იყვნენ, მაგრამ სწორედ ეს მოსამართლეები დააპატიმრებენ ივანიშვილსაც და ამ მთავრობასაც თუ ძალაუფლება შეიცვლება. მათ ნულოვანი ერთგულება იციან“.
როგორც ფადი ასლი ამბობს, ისტორიული გამოცდილება აჩვენებს, რომ მოსამართლეები მყისიერად დგებიან იმ მთავრობის სამსახურში, რომელიც ძველს ცვლის.
„ამის მიზეზი დამოუკიდებლობის ნაკლებობაა. სისტემა ასე მუშაობს – მოსამართლეები აგროვებენ დაუსაბუთებელ ქონებას, ამიტომ ყოველ ახალ ხელისუფლებას შეუძლია მათი დასჯა, შესაბამისად, ყოველი პოტენციურად ახალი ხელისუფლება მანამდე ყიდულობს მოსამართლეების ერთგულებას, სანამ საერთოდ ხელისუფლებაში მოვა“ – ასეთია ფადი ასლის ანალიზი.
შეგახსენებთ, რომ აშშ-მა 5 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება, სანქციები დაეწესებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლისთვის. ესენი არიან თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე (ყოფილი მოსამართლე). სანქცია ეხება მათი ოჯახის წევრებსაც.