მეღვინეობა "მოსავალი“ საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე მუშაობს. ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა, ნიკოლოზ შეყრილაძემ BMGTV-ს გადაცემაში #რედაქტ2 ისაუბრა.
დღეისთვის „მოსავალი“ ოჯახური ტიპის მეღვინეობაა, რომელიც წელს ექსპორტზე 100 000 ბოთლი ღვინის გატანას გეგმავს. როგორც მეღვინეობაში აღნიშნავენ, ამგვარად 2025 წელს ღვინის ექსპორტი 45%-ით გაიზრდება.
ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია კახეთში, ქართლსა და იმერეთში 40 ჰექტარზე გაშენებულ საფერავის, რქაწითელის, ჩინურის და სხვა ყურძნის ჯიშების ვენახებს მართავს. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ასეთი გეოგრაფიული მრავალფეროვნება კლასიკური ქვევრის ღვინო, ასევე ევროპული ტექნოლოგიით დაყენებული სტილური ღვინოების წარმოების საშუალებას აძლევთ. მეღვინეობა "მოსავალის" ბრენდით 20 დასახელების ღვინოს აწარმოებს, რომელიც ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზე იყიდება.
ნიკოლოზ შეყრილაძის ინფორმაციით, ამ დროისათვის მათი ღვინოები ექსპორტზე 7 ქვეყანაში - კატარში, აშშ-ში და ლიეტუვაში გადის, სადაც სტაბილურად და მზარდი ინტერესით არიან წარმოდგენილი, სხვა ქვეყნებში კი გერმანიაში, იაპონიაში, ჩინეთში, ავსტრიაში, კანადასა და ინგლისში მათი ღვინო ჯერ კიდევ მცირე მოცულობებით იყიდება, თუმცა ამ მიმართულებით ზრდის პოტენციალს ხედავენ.
"ჯამში ღვინოს 7 ქვეყანაში ვყიდით, თუმცა აქედან წამყვანი ბაზრებია ლიეტუვა და აშშ-ს ბაზრები. დოჰაშიც (კატარი) კარგი მაჩვენებლები გვაქვს. იქ მხოლოდ ერთი ლოკაციაა, ჩვენი რესტორნის სახით. დანარჩენ ქვეყნებში არის გაყიდვები და აქტივობა, თუმცა მათი წილი საერთო პორტფელში მცირეა. ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზრად იაპონიასა და პოლონეთის მიმართულებას მივიჩნევთ. ვფიქრობ, რომ იაპონიაში სამზარეულო საკმაოდ კარგად არის განვითარებული, სადაც შეიძლება, რომ ღვინო კერძებს კარგად შეუხამოთ. ამ ბაზრებზე სატესტო პარტიები ბევრჯერ გავგზავნეთ, მცირედი გაყიდვებიც იყო, თუმცა ამ დროისათვის სტაბილური ბაზარი არ არის. სისტემატურად ვმუშაობთ, რომ სტაბილურ პარტნიორთან მივიღოთ კომუნიკაცია.
ჩვენი საფასო სეგმენტი, საექსპორტო ფასი 8-10 დოლარია, რაც გასულ პერიოდში შედარებით ნაკლები იყო. ბრენდის ცნობადობასთან და საბაზრო პოლიტიკის განვითარებასთან ერთად, ვფიქრობთ, ბაზრებზე ახალი სახეობების დამატებას და ექსკლუზიური ღვინოების შეთავაზებას. ამასთან, შეიძლება სარეალიზაციო ფასის ზრდაც”, - ამბობს შეყრილაძე.
კომპანიის გენერალური მენეჯერის განმარტავს, რომ მეღვინეობაში მათთვის მთავარი ხარისხია, რომლითაც ბაზარზე პოზიციონირებენ, ამიტომ მათთვის ღვინის ხარისხი, წარმადობის ზრდაზე პრიორიტეტულია.
“ჩვენი მაქსიმალური წარმადობა რაც შეიძლება იყოს საექსპორტო თვალსაზრისით 150 000 ბოთლია. ამაზე მეტად წარმოების ზრდას არ ვფიქრობთ, რადგან გვირჩევნია, მაღალი ხარისხის პროდუქტი გავყიდოთ. იყოს რეზერვები და 3-5 წლის ღვინოები, ვიდრე წლიდან წლამდე ჩვენი ღვინოების სრული მარაგი ამოიყიდოს”, - აცხადებს ნიკოლოზ შეყრილაძე.
ცნობისთვის: კომპანია "ვილლა მოსავალი" საქართველოში 2018 წელს დაფუძნდა. დღეისთვის კომპანია თბილისთან ახლოს სოფელ ახალუბანში სასტუმრო კომპლექსს "ვილა მოსავალს" მართავს, რომელიც რესტორან "მოსავალს" და ასევე მასთან არსებულ მეღვინეობას აერთიანებს.




























