21 ოქტომბერს თბილისელები ახალ მერს აირჩევენ, რომლის მიმართ საზოგადოებაში დიდი მოლოდინები არსებობს კონკრეტული საკითხები მოგვარებასთან დაკავშირებით. არჩევნების მოახლოებასთან ერთად, გადამწყვეტ ფაზაში შევიდა საარჩევნო კამპანიაც და მერობის კანდიდატები საკუთარ ამომრჩევლებს მრავალფეროვან დაპირებეს აძლევენ ქალაქის ცხოვრების გაუმჯობესების მიმართულებით.
„ესითიმ“ თბილისელებს დაუსვა კითხვა – „თქვენ რომ თბილისის მერი იყოთ, დედაქალაქში არსებულ რომელ საკითხებს მიხედავდით პირველ რიგში?“
ბოლო წლების მანძილზე საქართველოსში ჩატარებული კვლევების აბსოლუტური უმრავლესობა აჩვენებს, რომ მოსახლეობისათვის ნომერ პირველ საკითხს დასაქმება წარმოადგენს და გასაკვირი არ არის, რომ თბილისელებმაც სწორედ ამ საკითხზე გაამახვილეს ყურადღება – დედაქალაქის მკვიდრთა თითქმის ნახევარი (47%) ამბობს, რომ მერობის შემთხვევაში დასაქმების პრობლემას მოაგვარებდნენ.
ყოველი მესამე თბილისელისათვის (30%) პრიორიტეტულ საკითხს ქალქში საცობების პრობლემის მოგვარება წარმოადგენს, დაახლოებით იგივე რაოდენობა (27%) სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე ზრუნვის საჭიროებაზე აკეთებს აქცენტს; ყოველი მეხუთესათვის (23%) მშენებლობის საკითხების მოგვარებაა მნიშვნელოვანი (შრომის უსაფრთხოება და უკანონო მშნებლობები); ყოველი მეხუთე თვლის, რომ ეკოლოგიური პრობლემებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრა ქალაქის მერის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა (21%); 15% კი რეკრეაციული ზონების მოწყობა სურს.
მიუხედავად იმისა, რომ საკითხების ჩამონათვალი მსგავსია, კვლევა აჩვენებს, რომ ქალებსა და კაცებს განსხვავებული პრიორიტეტები აქვთ. კერძოდ, კაცები მეტად აკეთებენ აქცენტს საცობების საკითხზე (კაცი – 38%; ქალი – 23%), მშენებლობასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე (კაცი – 30%; ქალი – 19%) და პარკირების პრობლემაზე (კაცი – 18%; ქალი – 10%). ქალებისათვის კი სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე ზრუნვა წარმოადგენს პრიორიტეტს (ქალი – 31%; კაცი – 22%).
რესპონდენტებს შეეძლოთ მაქსიმუმ სამი საკითხის დაფიქსირება. შესაბამისად, პასუხების ჯამი აღემატება 100%-ს.
გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2017 წლის 6–დან 9 ოქტომბრამდე პერიოდში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.9%-ს. გამოყენებული მეთოდი – პირისპირ ინტერვიუ.

























