კომპანია “დიღომი გაზის” ხელმძღვანელის ჯემალ წერეთელის განცხადებით, ხშირია შემთხვევები, როდესაც მოსახლეობა გაზგამაცხელებელს არაკვალიფიციურ მუშებს ამონტაჟებინებს, რაც მათ უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
მისი თქმით, საუბარია ე.წ. ელიავას ბაზრობიდან მოყვანილ მუშებზე, რომლებსაც შესაბამისი ცოდნა არ გააჩნიათ და მონტაჟის დროს შეცდომებს უშვებენ.
ჯემალ წერეთელის თქმით, დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში მოსახლეობა უკვე კომპანიებს მიმართავს და მათს სპეციალისტებს უწევთ შეცდომების გამოსწორება.
“დიღომი გაზის” ხელმძღვანელი ამბობს, რომ გუშინ მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით მათს კომპანიას კავშირი არ აქვს, რამდენადაც ისინი დიღმის პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე მიკრორაიონების ქსელზე არიან პასუხისმგებელნი.
ჯემალ წერეთელი აცხადებს, რომ მათ ქსელში დაზიანების შემთხვევები პრაქტიკულად არ ფიქსირდება.
კითხვაზე - რა მიზეზით შეიძლებოდა ვერ აღმოეჩინა კომპანია “ყაზტრანსგაზის” თანამშრომელს დაზიანება, რომლის გამოც საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, ჯემალ წერეთელს ვარაუდების გაკეთება უჭირს, თუმცა მისი თქმით, მსგავს შემთხვევებში თუ დაზიანების კერა აღმოჩენილი არ არის, გაზის მიწოდება მთლიან კორპუსს უნდა შეუწყდეს.
“ჩვენს შემთხვევაში ხდება ასე: თუ შემოვიდა ზარი, რომ გაზის სუნი იგრძნობა, ადგილზე მიდის სპეციალური ჯგუფი. თუ ისინი ვერ აღმოაჩენენ გაჟონვის ადგილს ან ბინებში არ არიან მეპატრონეები, რომ სრულად შემოწმდეს კორპუსი, მთლიანად კორპუსი ითიშება გაზის ქსელიდან და მეორე დღეს კიდევ გადის ჯგუფი და ყველა ბინას ამოწმებს ახლიდან”, - აცხადებს ჯემალ წერეთელი.

























