საქართველოს მოსახლეობა შემოსავლების უდიდეს ნაწილს სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, ყველაზე ნაკლებს კი ტანსაცმელსა და ფეხსაცმელში ხარჯავს.
საქსტატის სამომხმარებლო კალათის მიხედვით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების მიმართულებით მომხმარებელი შემოსავლის 30,1%-ს ხარჯავს, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელში კი 3,4 %-ს.
ერთ-ერთი ყველაზე დანახარჯიანი მიმართულება მოსახლეობისთვის ტრანსპორტია. საქსტატის სამომხმარებლო კალათის მიხედვით, ამ მიმართულებით შემოსავლის 13,1 %-ი იხარჯება.
შემოსავლის 8,4%-ს ხარჯავენ მოქალაქეები კომუნალურ გადასახადებსა და ჯანმრთელობის დაცვაში. 6,6% იხარჯება ავეჯში, საოჯახო ნივთებსა და სახლის მოვლა-შეკეთებაში.
მოქალაქეები შემოსავლების 6,4%-ს ხარჯავენ ალკოჰოლურ სასმელებსა და დასვენებასა და გართობაში. 4,9 %-ს სხვადასხვა საქონელსა და მომსახურებაში, 4,7%-ს განათლებაში, 4,1%-ს სასტუმროებსა და რესტორნებში, ხოლო კავშირგაბმულობაში 3,7%-ს.
საქსტატმა სამომხმარებლო კალათი ახლახანს განაახლა. როგორც „ბიზნეკსონტრაქტთან“ უწყების აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გოგიტა თოდრაძე განმარტავს, სამომხმარებლო კალათი ყოველწლიურად ახლდება. მისივე თქმით, ეს არის საქართველოში ყველაზე მოხმარებადი საქონლის ჩამონათვალი და ამ მიმართულებებში დახარჯული თანხების წილი მთლიან დანახარჯებში.
გოგიტა თოდრაძის განმარტებით, 2017 წლის სამომხმარებლო კალათას დაახლოებით 10 დასახელების საქონელი და მომსახურება დაემატა და ძირითადად დამატება სხვადასხვა სახის ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე მოდის.

























