მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მოსახლეობა ზემო ვაკეში ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას აპროტესტებს

5a968d9dab025
მეგი კავთუაშვილი
28.02.18 15:06
2459
მოსახლეობა ზემო ვაკეში ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას აპროტესტებს. ადგილობრივები აპირებენ, გამოითხოვონ გეოლოგიური კვლევა, რომლის საფუძველზეც კომპანია “ბალტიკ ინვესტმენტ გრუპმა“ მშენებლობის ნებართვა მიიღო. მანამდე კი მერიას სთხოვენ, დროებით მაინც შეაჩეროს მშენებლობა.

„ვთხოვთ მერიას, ნუ გაგვწირავს ამდენ ხალხს და შეაჩეროს მშენებლობა. თუ მოჭრეს ეს კლდე მერე არაფრის გასაჩივრებას აზრი აღარ ექნება. მშენებლობიდან გატანილ ნაგავს ყრიან მდინარე ვერეს ხეობაში და თუ დაგროვდა იქ ნაგვით სავსე წყლის ნაკადი, შეიძლება წყალმა წაგვიღოს. ვერანაირი წყლის კოლექტორი ამას ვერ გაუძლებს. აქ მოსახლეობა სამმაგი საფრთხის წინაშე ვდგავართ. ერთი - მეწყერი ჩამოწვება, მეორე - მიწისძვრა და მესამე - ძლიერმა წვიმამაც შეიძლება წალეკოს კეკელიძე, ჟვანია, შატბერაშვილი“, - აცხადებენ მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებლები და შიშობენ, რომ შესაძლოა 13 ივნისის ტრაგედია განმეორდეს.

გეოლოგების აზრით, კლდე, რომელსაც მშენებელი კომპანია ჭრის, მოძრავ ქანებს შეიცავს და მისი მოჭრა ეკოლოგიურ საფრთხეებს შექმნის. საშიშროებაა სეისმური თვალსაზრისითაც. სეისმოლოგ ნინო წერეთლის ინფორმაციით, სამშენებლო ნორმები არასწორად გათვლილი სეისმური საშიშროების რუკას ეყრდნობა.

თბილისის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ატვირთული დოკუმენტაციის თანახმად, “ბალტიკ ინვესტმენტ გრუპისთვის“ სამშენებლო ნებართვის გაცემა 2014 წელს შპს "გეოტექსერვისის“ მიერ ჩატარებული საინჟინრო გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე მოხდა.

სამშენებლო კომპანია “ბალტიკ ინვესტმენტ გრუპი“ ლიტვის მოქალაქის სახელზეა რეგისტირებული. კომპანიის ქართველი წარმომადგენელი კი BM.GE-სთან საუბარში აცხადებს, რომ ინვესტორი ქვეყანაში დიდი ინვესტიციის განხორციელებას აპირებს, მშენებლობა კი კანონის ფარგლებში მიმდინარეობს.
„სხვა კორპუსების მოსახლეობა რომ ჩივის, საინტერესოა მათი სახლები როგორ არის აშენებული, თუ იქ მშენებლობა არ შეიძლება?! გეოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა არსებობს, სამშენებლო ნებართვა არსებობს. ერთხელ უსაფუძვლოდ უკვე გაგვიჩერა მერიამ ნებართვა. იმედია კიდევ არ გაგვიჩერებს“ - აცხადებს BM.GE-სთან საუბარში სამშენებლო კომპანია “ბალტიკ ინვესტმენტ გრუპის“ წარმომადგენელი გიორგი კაციტაძე.

პროექტის თანახმად, ზემო ვაკეში ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა 2019 წელს უნდა დასრულდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები