ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას შეფასებით, საქართველში ენერგეტიკა ერთ-ერთი დინამიური და საინტერესო დარგია.
ამის შესახებ მინისტრმა “Forbes კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც დარგშია, მათ შორის საზოგადოებაში ჰესების მიმართ არსებული განწყობების მომართულებით.
„მოსახლეობას ხშირად არ აქვს ელემენტარული ცოდნა, თუ რა სიკეთე მოაქვს მისი რეგიონისთვის, მისი დასახლებული პუნქტისთვის ამა თუ იმ მცირე ჰესს. ზოგჯერ როცა არ არის ცოდნა, მის ადგილს იკავებს დეზინფორმაცია. ეს დეზინფორმაცია ზოგჯერ შეუგნებლად ვრცელდება და ზოგჯერ, არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც შეგნებული მოტივაციაც იყოს ამის უკან. სხვადასხვა ჯგუფი შეიძლება სარგებლობდეს იმით, რომ არ არის კომუნიკაცია - ეს არის ჩემი ეჭვი დაფუძნებული პრაქტიკულ გამოცდილებაზე. შეიძლება ვიღაც უბრალოდ უცოდინრობით ავრცელებს არასწორ ინფორმაციებს, ვიღაცას კი, შეიძლება ჰქონდეს ქვეყნისთვის არც თუ ისე სასიკეთო განზრახვა, იმიტომ რომ ჩვენი ენერგეტიკის განვითარება არის ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოება, ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოება კი, არის ჩვენი სუვერენული ინტერესი და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამის სასარგებლოდ“, - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ არსებული რეალობიდან გამომდინარე, იგეგმება უფრო მწყობრი კომუნიკაციის სისტემის შეთავაზება როგორც - მოსახლეობისთვის, ისე - ინვესტორისთვის.
„დავნერგავთ შეთანხმებების პრაქტიკას; მსგავსი პრაქტიკა მუშაობს კონკრეტულ პროექტებში; სადღაც უკეთ მუშაობს, სადღაც - ნაკლებად, მაგრამ ვიმუშავებთ რომ ეს გამოსწორდეს. ეს იმას ნიშნავს რომ ყველა მხარემ იგრძნოს პასუხისმგებლობა“, - აღნიშნა თურნავამ.

























