მოსახლეობასთან პრობლემების გამო გერგეთის სამებასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია გაჭიანურდა - ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ.
მათი თქმით, იყო გარკვეული პრობლემები, რამაც აღნიშნული სამუშაოების გაჭიანურება გამოიწვია. პრობლემებს ადგილობრივ მოსახლეობას უკავშირებენ. თუმცა, უწყებაში ასევე იმასაც ამბობენ, რომ ამ ეტაპზე სამუშაოები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს და მისი დასრულება 2018 წლის ნოემბერში იგეგმება.
რაც შეეხება საინვესტიციო ღირებულებას, ის 793 854 ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე მიწის ვაკისის და საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
BM.GE დაუკავშირდა ადგილობრივ მოსახლეობასაც, რომელთა თქმითაც, აღნიშნული პროექტი საფრთხის ქვეშ აყენებდა გერგეთის სამების ლოკაციის ტურისტულ დანიშნულებას. ასევე ყველაზე მეტად ზარალდებოდა ადგილობრივი ბიზნესი, რომელთა დანიშნულებაც ტურისტული მანქანებით გერგეთის სამებამდე ვიზიტორების აყვანა იყო.
შეგახსენებთ, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სტეფანწმინდა-სამების ეკლესიასთან მისასვლელი საავტომობილო გზის 5.6 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს.

























