მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსახლეობის 33%-ს ფული მხოლოდ საკვებისთვის ჰყოფნის - კვლევა

6245ce4cf04ad
სალომე მეცხვარიშვილი
31.03.22 23:42
1088
უმუშევრობა, სიღარიბე და ინფლაცია - ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები, რომლებიც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს. ამას CRRC-ის კვლევის "კავკასიის ბარომეტრი 2021"-ის შედეგები აჩვენებს, რომელიც ქვეყანაში 2008 წლიდან ტარდება. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პრობლემები მოსახლეობისთვის წლებია ყველაზე მტკივნეული საკითხების ტოპ-სამეულშია.

გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა - 35%, საქართველოში ნომერ პირველ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს; მას 20%-ით მოსდევს სიღარიბე; 12% კი ფიქრობს, რომ ქვეყნის უპირველესი პრობლემა ფასების ზრდაა. კვლევის თანახმად, ბოლო წლებში შემცირდა მათი რიცხვი, ვინც მთავარ პრობლემად უმუშევრობას მიიჩნევს, სამაგიეროდ, გაიზარდა იმ პირების წილი, ვინც მთავარ პრობლემად სიღარიბესა და ფასების ზრდას ასახელებს.

ამავე კვლევის მიხედვით, ყოველი მეხუთე ადამიანი (გამოკითხულთა 20%) აცხადებს, რომ ფული საკვებზეც კი არ ყოფნის; 33% ამბობს, რომ შემოსავალი მხოლოდ სურსათისთვისაა საკმარისი, მაგრამ არა ტანსაცმლისთვის. გამოკითხულთა მხოლოდ 3%-ს აქვს საშუალება შეიძინოს ყველაფერი, რაც სჭირდება.

“კავკასიის ბარომეტრის” კვლევის მიხედვით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოკითხულთა 46%-ს არ ჰქონდა ფული საკვების საყიდლად, 38%-ს კი მოუწია სესხება სწორედ სურსათის შესაძენად.

2021 წლის განმავლობაში გამოკითხულთა 30%-ს ვალის აღება კომუნალური გადასახადების დასაფარადაც დასჭირდა. აღსანიშნავია, რომ მაგალითად 2008 წელს მსგავსი შემთხვევა გამოკითხულთა 48%-ის შემთხვევაში დაფიქსირდა.

CRRC-ის კვლევა 2021 წლის 17 დეკემბრიდან 2022 წლის 31 იანვრის პერიოდში ჩატარდა და საქართველოს მასშტაბით 1540 პირისპირ ინტერვიუ შედგა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები