საქართველოს მოსახლეობის 18.4% ჯანდაცვის სისტემით სრულიად უკმაყოფილოა, 9%- ძალიან კმაყოფილი.
გამოკითხულთა 20.4% აცხადებს, რომ უფრო უკმაყოფილოა, ვიდრე კმაყოფილი. უფრო კმაყოფილი, ვიდრე უკმაყოფილო კი 40.6%-ია. უარი პასუხზე -.0.2%; არ ვიცი -10.9% - ასე გამოიყურება ახალი სოციალური კვლევის შედეგები, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ტერიტორიაზე 1786 რესპონდენტი გამოკითხეს.
კვლევა კავკასიური რესურსების კვლევითმა ცენტრმა ღია საზოგადოების ფონდისა და საერთაშორის ორგანიზაცია IDEA-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით შეისწავლეს მოსახლეობის განწყობა როგორც პოლიტიკური პარტიების, ასევე კორუფციის, მედიის, სოციალური სამართლიანობის, რელიგიური გაერთიანებებისა და სხვა საკითხების შესახებ. ერთ-ერთი ნაწილი ჯანდაცვის შესახებ მოსახლეობის განწყობებს უკავშირდება.
მოსახლეობის კმაყოფილების თემაზე კომენტარისას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ აქცენტი პრევენციული მექანიზმების გაძლიერებაზე და შედეგზე ორიენტირებული დაფინანსების მოდელების შექმნაზე გაამახვილა.
„კმაყოფილების მაჩვენებელზე სიმარტივე და დროულობა აისახება. მიუხედავად პოზიტიური ტენდენციებისა, ჩვენს შემთხვევაში ხშირად ინფორმაციის ხარისხი არ არის სათანადო.
იმისთვის, რომ კლინიკური მომსახურების ხარისხი საერთაშორისო სტანდარტებს მიუახლოვოთ, დიდი სამუშაოები მიმდინარეობს. ამის მექანიზმი არის ის, რომ დაფინასების მოდელი უნდა იყოს შედგეებზე ორიენტირებული. ჯერ-ჯერობით შედეგებზე ორიენტირებული დაფინასების მოდელი მხოლოდ დედათა და ბავშვთა სერვისების ნაწილში გვაქვს. გარდა ამისა, უნდა გაიზომოს არა მხოლოდ პაციენტის კმაყოფილება, არამედ კონკრეტული ხარისხობრივი გამოწვევები რომელიც კლინიკური სერვისის ნაწილს უკავშირდება.
როცა კმაყოფილებაზეა საუბარი, საქმე ეხება იმას, თუ რამდენად პრევენციულია სერვისი, რამდენად დროულად ხდება ჩარევა, ორიენტირებლები ვართ გამოვლენაზე თუ შედეგის დადგომაზე და შემდგომ მკურნალობაზე.
პრევენციული სერვისი ცალსახად უნდა გაძლიერდეს, ეს მთავარი პრიორიტეტია, რომელიც უკავშირდება პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებას.“ - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში თამარ გაბუნიამ.
კვლევის მიხედვით, ასევე ირკვევა, რომ საქართველოს მოსახლეობის 72% საყოველთაო დაზღვევით სარგებლობს, 11%-ს კერძო დაზღვევა აქვს.
შეკითხვაზე, საშუალოდ, თვეში რამდენს ხარჯავს თქვენი ოჯახი მედიკამენტებზე - პასუხები ასეთია: 50 ლარამდე - 34%; 51 ლარიდან 100 ლარამდე - 26% ; 101 ლარიდან 200 ლარამდე - 21% ; 201 ლარიდან - 300 ლარამდე - 8 % ; 300 ლარზე მეტს - 6%.

























