მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მოსახლეობის ნახევარია სოფლის მეურნეობაში დასაქმებული, ეს არ არის კარგი"

5b37322b605d4
ლევან თაღიაშვილი
30.06.18 12:15
2145
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის ნინო ზამბახიძის თქმით, სოფლის მეურნეობაში მთავარი გამოწვევა მწირი შემოსავალია და  ფერმერული მერნეობები კი არ უნდა შემცირდეს, არამედ უნდა გამსხვილდეს.

,,ყველა განვითარებულ ქვეყანაში, დაახლოებით, 30,000-დან 200,000-მდე ფერმერია და მათი წილი მშპ-ში არის 3%, ჩვენს შემთხვევაში მოსახლეობის ნახევარია სოფლის მეურნეობაში დასაქმებული და მშპ-ში დარგის წილი არის 9%. რა თქმა უნდა, ეს არ არის კარგი, უნდა იყოს რეგიონული განვითარება, უნდა დასაქმდნენ ადამიანები სხვადასხვა მიმართულებით და ფერმერულ მეურნეობებს  გამსხვილების საშუალება უნდა მიეცეთ, იმიტომ რომ წვრილ ფერმერებს არ შეუძლიათ ხარისხიანი პროდუქციის რეალიზება და წარმოება, მასშტაბი პატარაა და შესაბამისად, სარეალიზაციო ბაზარზე გასვლაც უჭირთ. ვფიქრობ, ფერმერული მეურნეობები კი არ უნდა შემცირდეს, არამედ უნდა გამსხვილდეს და ადამიანები დასაქმნდნენ აგროტურიზმით, საწარმოებში და მიეცეთ საშუალება სხვა ფერმერებს, რომ მათი მიწა იჯარით აიღონ ან ერთობლივად უფრო მეტი და ხარისხიანი პროდუქტი აწარმოონ. შესაძლოა, ის ფაქტი, რომ ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში, პირდაპირ არ იწვევდეს სიღარიბეს, თუმცა შემოსავალი ძალიან მწირი აქვს წვრილ ფერმერულ მეურნეობას, რაც ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა სოფლის მეურნეობაში’’ - განაცხადა BM.GE-სთან საუბრისას ნინო ზამბახიძემ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში მოსახლეობასთან შეხვედრისას პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ სოფლის მეურნეობა სრულფასოვანი ეკონომიკურად მომგებიანი სექტორი არაა.

"სამწუხაროდ, სოფლის მეურნეობის დიდ ნაწილში არის ისევ ნატურალური მეურნეობა და როდესაც ასეთ მნიშვნელოვან სექტორში ნატურალური მეურნეობა დომინირებს, მე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი მოსახლეობის 50% -ზე მეტია დასაქმებული სოფლის მეურნეობაში, ეს, რა თქმა უნდა, იწვევს მხოლოდ სიღარიბეს, ის ვერ იწვევს განვითარებას, ჩვენ ეს კარგად გვესმის და ამ მიმართულებით იქნება ფუნდამენტალური რეფორმები", - განაცხადა ბახტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები