მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსაზრებები აქციონერთა უფლებების უკეთესი სამართლებრივი რეგულირების შესახებ

5de76a434daad
ლევან კოკაია
05.12.19 09:00
2984
სტატია სააქციო საზოგადოების აქციონერთა საერთო კრებაზე მისაღებ გადაწყვეტილებათა კვორუმის საკითხს შეეხება, რომელიც კომპანიის ამა თუ იმ პარტნიორის ხმის უფლების მინიჭებას, მის მოდიფიცირებას ან/და აქციონერის გარიცხვას მოიცავს. წარმოდგენილია „მეწარმეთა“ შესახებ საქართველოს კანონის რამდენიმე დებულება და ერთმანეთთან შედარებულია მათი შინაარსობრივი მხარე, რაც კრიტიკიულად არის დახასიათებული. დასკვნის სახით, კანონში არსებული რამდენიმე ხარვეზის გამოსწორების მიზნით შემოთავაზებული არის ინდივიდუალური მიდგომები, რომელთა გაზიარების შედეგად არსებული საკანონმდებლო ხარვეზები გამოსწორდება.

„მეწარმეთა“ შესახებ საქართველოს კანონი უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ აქციონერთა საერთო კრებამ შეზღუდოს რეგისტრირებული აქციონერის ხმის უფლება ან გარკვეული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, რომელიმე პარტნიორი გარიცხოს კომპანიიდან. როგორც წესი, მსგავსი საკითხების განხილვა კომპანიათა ყოველდღიური საქმიანობის ჩვეულ რეჟიმს არ მიეკუთვნება. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ მრავალი პარტნიორისგან დაკომპლექტებული სააქციო საზოგადოების მართვა ერთი ან რამდენიმე პარტნიორისგან შემდგარი კომპანიის მართვას ემიჯნება, მხედველობაში უნდა მივიღოთ პარტნიორთა მიერ გადაწყვეტილებათა მიღების სამართლებრივი რეგულირების მოქნილი მექანიზმის არსებობა, რომელზე დაყრდნობაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმეს უნდა უმარტივებდეს როგორც კომპანიებს, ასევე საქმეზე გადაწყვეტილების მიმღებ მოსამართლეს/სასამართლოს. თუმცა, კანონი ამ ნაწილში არ მოიცავს იოლ გამოსავალს, რაც განპირობებულია მასში არსებული რამდენიმე ურთიერთსაწინააღმდეგო დებულების არსებობით.

კერძოდ, „მეწარმეთა“ შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 51 და 52 პუნქტების თანახმად:

„51. თუ წესდების ცვლილება ეხება პარტნიორის ხმის უფლებას, მოგებაში/ზარალში წილს ან ლიკვიდაციისას მის უფლებებს, აღნიშნული ცვლილება მიღებული უნდა იქნეს ერთხმად, თუ წესდების შესაბამისი ნაწილით, რომელიც პარტნიორების მიერ ერთხმად იყო მიღებული, სხვა რამ არ არის დადგენილი“. (წინამდებარე სტატიის მიზნებისთვის პირველი ციტირება).

52 . თუ წესდების/პარტნიორთა შეთანხმების ცვლილება აუქმებს პარტნიორის რეგისტრირებულ უფლებას, ან მას ისეთ ვალდებულებას აკისრებს, რომელიც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მის რეგისტრირებულ უფლებაზე, პარტნიორის თანხმობის გარეშე ამგვარი ცვლილების შეტანა დაუშვებელია“. (წინამდებარე სტატიის მიზნებისთვის მეორე ციტირება).

ასევე, კანონის 91 მუხლის მე-7 და მე-9 პუნქტების მიხედვით:

„7. ყველა გადაწყვეტილება, რომელთა მნიშვნელობა სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას, მოითხოვს ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებული კრების გადაწყვეტილებას”. (წინამდებარე სტატიის მიზნებისთვის მესამე ციტირება).

„9. საზოგადოების წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს გადაწყვეტილების მიღებას კრების მონაწილეთა ხმების უმრავლესობით, თუ ეს კანონი არ განსაზღვრავს გადაწყვეტილების მიღებას ერთხმად და თუ ამ გადაწყვეტილების შინაარსი არ ქმნის არათანაბარ მდგომარეობას რომელიმე პარტნიორისათვის ანდა არ ხელყოფს პარტნიორის არსებით ინტერესებს“. (წინამდებარე სტატიის მიზნებისთვის მეოთხე ციტირება).

პირველი ციტირების შემთხვევაში შესაძლებელია, რომ კომპანიის წესდებამ კანონით დადგენილი დანაწესისგან განსხვავებული წესით მოაწესრიგოს საკითხი, თუ რა რაოდენობის ხმათა კომბინაციით შეიძლება, რომ პარტნიორთა მიერ გადაწყვეტილება იყოს მიღებული, რაც სამეწარმეო ურთიერთობის მონაწილეთა კერძო ავტონომიის პრინციპს პოზიტიურად განასახიერებს.

მეორე ციტირება იმპერატიულად კრძალავს რაოდენობრივად ნაკლულ პარტნიორთა შემადგენლობის შეკრებას ან/და შეკრებილი კრების ფარგლებში, დასმული საკითხის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისგან თავის შეკავებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისაღებ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ცალსახად ვერ იქნება მიღებული. აქ კანონი კომპანიის წესდებით ლავირების საშუალებას აღარ იძლევა და საკითხის შესახებ უალტერნატივოდ ცალსახა მიდგომას გვთავაზობს. ამავე კომენტარის ფარგლებში გამოვხატავ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ამ საკითხზე პოზიტიურად მიმაჩნია იმპერატიული გადაწყვეტილების მიღების საჭიროება, ვინაიდან, მსგავსი ერთი შეხედვით მკაცრი მიდგომა მაქსიმალურად იცავს განსაკუთრებით წვრილ პარტნიორებს მათ მიმართ შესაძლო არაკეთილსინდისიერი გადაწყვეტილების მიღებისაგან.

არც მესამე ციტირება და არც მთლიანი კანონი ან სხვა რომელიმე საკანონმდებლო აქტი არ იძლევა პასუხს კითხვაზე, თუ რა შეიძლება იყოს საზოგადოების „ჩვეული“ ან/და „უჩვეულო“ საქმიანობა, რომელთა მნიშვნელობა კომპანიის მიმდინარე საქმიანობას სცილდება. ამასთანავე, იგივე ნორმა საკმაოდ ზოგადად განსაზღვრავს იმ საკითხს, რომ ასეთ შემთხვევაში მხოლოდ „ყველა პარტნიორმა“ უნდა მიიღოს კრების მუშაობაში მონაწილეობა, მაგრამ გადაწყვეტილების მისაღებად რა რაოდენობის ხმა არის საჭირო - უცნობია. შეგვიძლია ღიად დავსვათ კითხვა: - საზოგადოების „ჩვეულ“ თუ „უჩვეულო“ საქმიანობას განეკუთვნება ისეთი საკითხები, რომელიც მოიცავს: პარტნიორის ხმის უფლებას, მოგებაში/ზარალში წილს ან ლიკვიდაციისას მის უფლებებს; აგრეთვე საკითხები, რომელიც აუქმებს პარტნიორის რეგისტრირებულ უფლებას, ან მას ისეთ ვალდებულებას აკისრებს, რომელიც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მის რეგისტრირებულ უფლებაზე? ამ კითვაზე კანონმდებლობა პასუხს არ იძლევა.

მეოთხე ციტირებული ნორმა ერთი მხრივ განსაზღვრავს იმის შესაძლებლობას, რომ პარტნიორებმა ამა-თუ იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების წესი, ამავე კანონისგან განსხვავებული საგამონაკლისო შემთხვევების გარდა, ექსკლუზიურად კომპანიის წესდებით დაარეგულირონ და მეორე მხრივ, ხაზს უსვავს პარტნიორთა თანასწორობის პრინციპს და მათ „არსებით ინტერესებს“. ამ შემთხვევაშიც, არც მოხმობილი საკანონმდებლო დანაწესი და არც მთლიანად განსახილველი კანონი არ იძლევა პასუხს კითხვებზე, თუ რა შინაარსის მომცველი უნდა იყოს გადაწყვეტილება, რომელიც არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებდა ამა-თუ იმ პარტნიორს ან/და რამ შეიძლება, რომ პარტნიორის ინტერესები ხელყოს.

ზოგადი წესის მიხედით პარტნიორებს გააჩნიათ ისეთი უფლებები, როგორიც არის საერთო კრების მოწვევა, კრებაზე მონაწილეობის მიღება და აქტიურობა საკითხზე ხმის მიცემის სახით და დივიდენდის მიღების უფლება. აქვე კანონი ითვალისწინებს გარკვეული წინაპირობების არსებობას, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაშიც პარტნიორი ზემოაღნიშნული ზოგადი უფლებების ბენეფიციარი ხდება.

რთულდება საკითხი მაშინ, როდესაც საკითხს მხოლოდ ზოგადი შინაარსის მატარებელი საკანონმდებლო დანაწესი არეგულირებს, რომელიც კონკრეტიკას მოკლებულია და იძლევა ინტერპრეტაციის ფართო შესაძლებლობებს, განსაკუთრებით კი სასამართლო განხილვების დროს.

პარტნიორის ხმის უფლების გაუქმება, შემცირება ან/და პირიქით, ასეთი უფლების მინიჭება ერთ-ერთი გადამწვეტი ბერკეტია იმისა, რომ მან კომპანიის სტრატეგიული მართვის პროცესში სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს, თუ რა თქმა უნდა ჩვენ არ განვიხილავთ ამავე კანონით რეგულირებულ პრივილეგირებულ აქციონერს, რომელსაც, როგორც წესი არ გააჩნია ხმის უფლება, თუ ისევდაისევ ამავე კომპანიის წესდება განსხვავებულად არ ადგენს ასეთი სახის აქციონერის ხმის უფლების შესახებ საკითს.

მოხმობილ ციტირებულ ნორმებთან ერთად საყურადღებოა მოვიშველიოთ კიდევ ერთი ნორმა - კანონის 52-ე მუხლის 12 პუნქტი, რომლის მიხედვით: „აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილება ხმის უფლების შეცვლის (გაუქმება, შემცირება ან/და მინიჭება) შესახებ ძალაში შევა მხოლოდ იმ კლასის აქციების მფლობელთა 75%-ზე მეტის თანხმობის შემთხვევაში, რომელთა ხმის უფლებაზედაც ახდენს გავლენას ეს გადაწყვეტილება."

როგორც ჩანს, ზემოთ დახასიათებულ ოთხ ციტირებულ ნორმასა და კანონის 52-ე მუხლის 12 პუნქტს შორის არსებობს წინააღმდეგობა.

კერძოდ, ზემოთ ციტირებული პირველი-ორი შემთხვევა პარტნიორის ხმის უფლების და ასევე, მისი პარტნიორად რეგისტრირებული პირის სტატუსის აღიარების ან ამ სტატუსის გაუქმების საკითხებს ითვალისწინებს, რაზედაც გადაწყვეტილების მისაღებად სხვადასხვა კვორუმია განსაზღვრული, ხოლო 52-ე მუხლის 12 პუნქტის შემთხვევა კი განსხვავებულად არეგულირებს ამ თემას.

მხედველობაშია მისაღები, რომ ზემოთ მოყვანილი ოთხივე ციტირება კანონის ზოგად ნაწილშია მოქცეული, რასაც ვერ ვიტყვით 52-ე მუხლის 12 პუნქტზე და რაც იურისპრუდენციაში სპეციალური ნორმის სტატუსის სახელით არის ცნობილი.

ამ მსჯელობის ფარგლებში საყურადღებოა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის პირველი მუხლის მეორე პუნქტი, რომლის თანახმად: „ერთი და იმავე დონის სამართლის ნორმათა კოლიზიის დროს გამოიყენება სპეციალური და უფრო ახალი კანონი. ამ კოდექსით გათვალისწინებულ ზოგად ნორმებსა და სპეციალურ ნორმებს შორის კოლიზიისას გამოიყენება სპეციალური ნორმები“. (კოლიზია ერთსა და იმავე საკითხზე სხვადასხვა საკანონმდებლო ნორმის შინაარსობრივ ურთიერთწინააღმდეგობას გულისხმობს). მართალია, რომ „მეწარმეთა“ შესახებ საქართველოს კანონი ცალსახად არ განსაზღვრავს ამ დანაწესს, მაგრამ თავისუფლად შეიძლება, რომ კანონთა ანალოგიის წესით სამოქალაქო კოდექსის მოხმობილი ნორმა მივუსადაგოთ „მეწარმეთა“ შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ნორმებსაც. შედეგად კი ვიღებთ ცალსახა სურათს, რა დროსაც, სააქციო საზოგადოების შემთხვევაში უალტერნატივოდ იქნება გამოყენებული 52-ე მუხლის 12 პუნქტი. ამა-თუ იმ სამართლებრივი საკითხის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის მსგავსი სახის მიდგომა მეთოდოლოგიურად გამართლებულია, მაგრამ მიმაჩნია, რომ თავისი ბუნებით 52-ე მუხლის 12 პუნქტი არ უნდა მოქმედებდეს იმ შინაარსით, როგორც ის დღეს არის წარმოდგენილი შემდეგ მიზეზთა გამო:

1. კომპანიის პარტნიორთა ერთ-ერთი ძირითადი უფლება ხმის უფლებაა და შესაბამისად, ამ უფლების გარკვეული სახით მოდიფიცირება, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს მის გაუქმებას, შემცირებას ან მინიჭებას, პარტნიორის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლების მინიჭების ან/და გარკვეული სახით მისი შეცვლის შესაძლებლობას წარმოადგენს. აღნიშნული კი სამართლის დაცვის უპირველესი ობიექტია და შესაბამისად, ამ და მსგავსი საკითხების რეგულირების დროს კანონმდებლობაც არაორაზროვანი უნდა იყოს;

2. მივიჩნევ, რომ მისაღები გადაწყვეტილება პარტნიორის ხმის უფლების მინიჭების ან/და მისი მოდიფიცირების შესახებ, თავისი მნიშვნელობით კომპანიის ჩვეულ საქმიანობას სცილდება. როგორც ზემოთ აღინიშნა, კანონში არ არის მოცემული ცალსახა პასუხი იმის შესახებ, თუ რა შეიძლება იყოს „ჩვეული საქმიანობა“, ამიტომ, ამ ნაწილში დახასიათებული საკანონმდებლო დერეგულირება უპირველეს ყოვლისა პარტნიორის უფლების დაცვის შესაძლებლობას უნდა მოიცავდეს და შესაბამისად, თუ კანონმდებელი მოახერხებს „ჩვეული“, „უჩვეულო“ საქმიანობის განმარტებას (რაც აუცილებელია და არა სასურველი), ამავე ჩამონათვალშივე უნდა განისაზღვროს, რომ აქციონერთა მიერ მისაღები ის გადაწყვეტილება, რომელიც ხმის უფლებას შეეხება, წარმოადგენს იმ ერთ-ერთ „უჩვეულო“ საკითხს, რომელიც ყველა პარტნიორის ერთიან მხარდაჭერას მოითხოვს და არა იმ კლასის აქციების მფლობელთა 75%-ზე მეტის თანხმობას, რომელთა ხმის უფლებაზედაც ეს გადაწყვეტილება გავლენას ახდენს.

3. როგორც განსახილველი კანონი განსაზღვრავს, სააქციო საზოგადოებაში შეიძლება არსებობდნენ ჩვეულებრივი, პრივილეგირებული ან კომპანიის წესდებით განსაზღვრული სხვა კლასის აქციონერები. აქციის თითოეული სახე პარტნიორთა უფლებების განსხვავებული შინაარსით გამოისახება. დავუშვათ შემთხვევა, რომ კომპანიის წესდება პრივილეგირებული აქციონერების შესახებ კანონისგან განსხვავებულ დებულებას არ მოიცავს, მაშინ გამოდის, რომ თუ აქციონერთა კრებას სულ მცირე ასეთი პრივილეგირებული აქციების მფლობელი 75%-ზე მეტი ესწრება და არსებობს მათი თანხმობა, შედეგად ამ გადაწყვეტილებით თავისუფლად შეიძლება, რომ მოხდეს სხვა (უფრო წვრილი) აქციონერის ხმის უფლების მოდიფიცირება ისე, რომ კანონი ამ შემთხვევაში არც განსაზღვრავს, რომ ასეთ დროს აუცილებელი წესით ხმის უფლების მქონე აქციონერები უნდა იყვნენ იმ 75%-ზე მეტნი, რომლებიც საკითხზე გადაწყვეტილებას იღებენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არსებული რეგულირებით შესაძლოა, რომ კომპანიას ყავდეს კანონით დადგენილი სტანდარტით განსაზღვრული მხლოდ ჩვეულებრივი და პრივილეგირებული აქციონერები, ამ დროს, აქციონერთა კრებას შეიძლება ესწრებოდნენ სხვადასხვა კლასისა და რაოდენობის მქონე აქციონერები და მათ შორის პრივილეგირებულ აქციონერთაგან და არა მთლიანად აქციონერთა შემადგენლობიდან 75%-ზე მეტნი, რომელთა გადაწყვეტილებითაც შეიცვლება სხვა ასევე პრივილეგირებული აქციონერის/აქციონერთა ხმის უფლების მინიჭების საკითხი. კანონი აქ არ იძლევა იმის განმარტებას, რომ „75%-ზე მეტი აქციონერი“ მთლიანი ხმის უფების მქონე აქციონერთა 75%-ზე მეტია, რაც საკითხს ბუნდოვანად და არაორაზროვნად ტოვებს.

ეს საკითხი კიდევ უფრო მწვავედ დგას, თუ ამ მსჯელობას ამავე კანონის 91 მუხლის მე-2 პუნქტის მე-5-7 წინადადებებას შევადარებთ, რომლის მიხედვით: „კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება (ესწრებიან) ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები). კრება გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. თუ კრება არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ კრების მომწვევს შეუძლია იმავე წესითა და იმავე დღის წესრიგით ხელახლა მოიწვიოს კრება. მეორე კრება გადაწყვეტილებაუნარიანია მაშინაც კი, თუ მასზე არ გამოცხადდება (გამოცხადდებიან) ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები)”.
მოცემული ნორმაც 52-ე მუხლის 12 პუნქტისგან განსხვავებით ზოგადი სახის არის.

დასკვნა

თუ საკანონმდებლო რეგულირების ერთ-ერთი მიზანი არის, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა შორის არსებული თითოეული ელემენტი ცალსახად რეგულირებული გახადოს, მაშინ უმჯობესია, რომ კანონში ზოგადი სახის ნორმები აღარ გვხვდებოდეს ან ვრცლად იყოს წარმოდგენილი ზოგადი წინადადებების განმარტებები, რაც მნიშვნელოვანია საკითხის არაორაზროვნად ინტერპრეტაციისათვის. ასევე კანონმა ზოგად და კერძო ნორმებს შორის შინაარსობრივი ურთიერთწინააღმდეგობა არ უნდა დაძლიოს მხოლოდ კერძო ნორმების სასარგებლოდ უპირატესობის მინიჭების გზით მხოლოდ იმის ხარჯზე, რომ კერძო ნორმა ნაწილობრივ, მაგრამ არა ბოლომდე არეგულირებდეს საკითხს. ეს თემა უფრო მწვავედ დგას მაშინ, როდესაც საუბარი არის აქციონერთა ისეთ ფუნდამენტურ უფლებებზე, როგორიც არის მათი საკუთრების უფლება და აქციონერთა საერთო კრებაზე ხმის უფლების გამოყენება.

შექმნილი მდგომარეობიდან პოზიტიურ გამოსავლად მივიჩნევ, რომ საკანონმდებლო რეგულირებითვე პასუხი გაეცეს წინამდებარე სტატიაში ღიად დასმულ კითხვებს და ასევე, სააქციო საზოგადოების აქციონერთათვის ხმის უფლების მინიჭების ან/და მოდიფიცირების შესახებ მისაღები გადაწყვეტილება დარეგულირდეს არა იმ ფორმით, როგორც ის დღეს არის წარმოდგენილი, არამედ განისაზღვროს, თუ როგორი კლასის აქციონერების მიერ შეიძლება, რომ ეს საკითხი იყოს გადაწყვეტილი და კვორუმი მოიცავდეს არა 75%-ზე მეტი აქციონერის ხმას, არამედ აქციონერთა მთლიან შემადგენლობას. შეიძლება პრაქტიკაში არც თუ ისე იოლი იყოს ამ მოსაზრების განხორციელება, რაც გამოწვეულია მრავალი წვრილი აქციონერის წარმომადგენლობითი ფუნქციით და მათთან კომუნიკაციით, მაგრამ, საპირწონედ მივიღებთ ნებისმიერი სახის აქციონერის უფლებრივი დაცვის უფრო მყარ საკანონმდებლო მექანიზმს, რაც კანონმდებლობის გენერალური მიზანია და შედეგად, ასეთი მიდგომით, სამომავლოდ მრავალი კომპანია თავიდან აირიდებს გაუგებრობათა სასამართლოს გზით გადაწყვეტის არასასურველ შემთხვევებს.

ავტორი - ლევან კოკაია - იურისტი, ორგანიზაცია „ჯეოქეისი“-ს მკვლევარი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები