მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მოსკოვი სოხუმს ელექტროენერგიას ისევ მიაწვდის, თუმცა თავისი პირობებით

ზახაროვა

რუსეთმა დროებით ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება განაახლა. როგორც მოსალოდნელი იყო, ელექტროენერგიის მიწოდების სანაცვლოდ, მოსკოვმა შესაბამისი პირობები დაასახელა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთი ელის, რომ აფხაზეთი საინვესტიციო კანონით ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს. მისი თქმით, მოკავშირეთა ურთიერთობები ურთიერთშეთანხმებების ბალანსს გულისხმობს.

"ეს ეხება კანონმდებლობის ჰარმონიზაციას, რუსული ინვესტიციებისთვის აუცილებელი პირობების შექმნას და ა.შ.", - განაცხადა მარია ზახაროვამ.

ე.წ. რუსეთ-აფხაზეთის საინვესტიციო შეთანხმება ითვალისწინებს, რუსი ინვესტორების 8 წლით გათავისუფლებას საბაჟო გადასახადისგან სამშენებლო მასალებისა და აღჭურვილობის იმპორტისთვის, ასევე კორპორაციული ქონების გადასახადისა და მოგების გადასახადის გადახდისგან. ამასთან, აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ვალდებულია, ამ ხელშეკრულებით დაფარული და ცალკე რეესტრში შეყვანილი ინვესტორები უზრუნველყოს ენერგეტიკული სიმძლავრეებით და კომუნალურ ქსელებთან და კომუნიკაციებთან მიერთების უპირატესი უფლებით. დოკუმენტის მიხედვით, ინვესტორს უფლება აქვს, ბანკში გირაოს სახით ჩადოს აფხაზეთის ე.წ. მთავრობის მიერ მიწოდებული მიწა.

ცნობისთვის, შეთანხმება საბოლოოდ ვერ შედგა, რადგან მას დიდი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა, რის შემდეგ, დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას გადადგომა მოუწია. ე.წ. შეთანხმების გაუქმების შემდეგ, რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება და ელექტროენერგიის უფასოდ მიწოდება შეუწყვიტა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები