მამუკა ფიფიას თქმით, მოსკოვიდან მალე გაჟღერდება განცხადება „გეორგიევსკი 2-ის“ შესახებ.
პრორუსული ორგანიზაცია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერი, ბიზნესმენი მამუკა ფიფია აცხადებს, რომ მოსკოვიდან „გეორგიევსკი 2-თან“ დაკავშირებით განცხადება მალე გაჟღერდება.
ფიფიას თქმით, დადგა დრო, ქვეყანამ „რეალურ გადარჩენასა და ახალ გეორგიევსკის ტრაქტატზე“ იფიქროს.
„როგორც სოლიდარობა მშვიდობისთვის ლიდერმა, მინდა ღიად განვაცხადო: ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით და ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით. დღეს დადგა დრო, ვიზრუნოთ ქვეყნის რეალურ გადარჩენაზე და ახალ «გეორგიევსკი 2-ზე», ამჯერად თანასწორუფლებიან პირობებში“, - განაცხადა ფიფიამ.
იგი ასევე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას 1783 წლის ტრაქტატთან დაკავშირებით:
„ვეთანხმები პრემიერ კობახიძეს, რომ 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატმა გადაარჩინა ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ქრისტიანობა, მაგრამ არ ვეთანხმები მას, თითქოს ეს ნაბიჯი ევროპისკენ სავალ გზად გადაიდგა“.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს 18 აგვისტროს საგანგებო ბრიფინგზე ერეკლე მეორის მიერ რუსეთის იმპერიასთან გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმება „ერთადერთ სწორ და უალტერნატივო გადაწყვეტილებად“ შეაფასა. კობახიძის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის იმპერია საკუთარი ინტერესებით მოქმედებდა, აღნიშნულმა ნაბიჯმა ქართველი ერის გადარჩენასა და საბოლოო გამარჯვებას შეუწყო ხელი.



























