"მოსკოვი ჟენევის დისკუსიების სხვა ადგილზე გადატანას მოითხოვს" , - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ და ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ განაცხადეს.
"რუსული მხარე ძალიან მნიშვნელოვან საკითხს აყენებს, ჟენევის დისკუსიების ჟენევიდან სხვა ადგილას გადატანაზე. ეს განპირობებულია იმით, რომ ჟენევას მოლაპარაკებების პროცესში თანაბარი პირობების უზრუნველყოფა სულ უფრო და უფრო ნაკლებად შეუძლია“, - განაცხადა ინალ არძინბამ ასლან ბჟანიასთან შეხვედრაზე.
ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ საკითხი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მასთან შეხვედრისას დააყენა.
"ბატონ ლავროვთან ბოლო შეხვედრაზე მან თქვა, რომ ამ პლატფორმამ მეტწილად, ვთქვათ, ამოწურა თავი. ამიტომ, მან იკითხა: ხომ არ აპროტესტებს აფხაზური მხარე სამუშაოების გაგრძელებას უფრო შესაფერის ადგილზე. საუბარი ბელარუსის დედაქალაქზე, ქალაქ მინსკზე ან სხვა სახელმწიფოების დედაქალაქებზე, ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველაზე ნეიტრალურ სახელმწიფოებზე იყო. თუ ეს გადაწყვეტილება მიიღება, მიმაჩნია, რომ ამაში ცუდი არაფერია. პირიქით, შესაძლოა, რამე უკეთესობისკენ შეიცვალოს", - თქვა ბჟანიამ.
ინალ არძინბას თქმით, ბელარუსთან ერთად, საუბარია აზერბაიჯანზეც.