მოსწავლეებისთვის განათლების თანამედროვე რესურსებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, საქართველოს ბანკმა მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა შექმნა.
პროექტი 2019 წლიდან ხორციელდება. ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ბანკის იდეათეკები 10 რეგიონის 23 სკოლაში უკვე ფუნქციონირებს და 14 000-ზე მეტი ბავშვისთვის შემეცნებისა და ახალი აღმოჩენების შესაძლებლობას ქმნის.
სულ ცოტა ხნის წინ ახალი იდეათეკა ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლაში, დეველოპერული და სამშენებლო კომპანია „გუმბათი ჯგუფთან“ პარტნიორობით გაიხსნა, რომელიც 500 მოსწავლეს განათლების მისაღებად საჭირო თანამედროვე რესურსებზე: მრავალფეროვან ბიბლიოთეკაზე, კომპიუტერებზე, პროექტორსა და STEM კუთხეზე აძლევს წვდომას.
საქართველოს ბანკის იდეათეკაში მიღებულ შთაბეჭდილებებს კი ამავე სკოლის მოსწავლეები გვიზიარებენ:
“მოზარდისთვის წიგნის კითხვა აუცილებელია, რადგან კითხვა თავდაჯერებულობას ავითარებს და აზროვნებას გვიყალიბებს. ეს არის კარგი შესაძლებლობა ქედის სკოლის მოსწავლეებისთვის, ყოველდღიურად მოვიდნენ, წაიკითხონ და გაეცნონ იმ ლიტერატურას, რომელიც მათთვის საინტერესოა”, — ამბობს ქეთევან კომახიძე, მე-11 კლასის მოსწავლე.
მე-6 კლასელ კესარია ბერიძეს უხარია, რომ წიგნების წაკითხვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია და, ამასთან, ფიქრობს, რომ იდეათეკა ახალი მეგობრების გაჩენაშიც დაეხმარება:
“იდეათეკა ძალიან ბევრ რამეში შეგვიძლია გამოვიყენოთ. შეგვიძლია, წამოვიწყოთ პროექტები და შევიძინოთ ბევრი მეგობარი. არიან ადამიანები, ვისაც წიგნების ყიდვა არ შეუძლიათ. იდეათეკაში უფასოდ წაიკითხავენ და მიიღებენ განათლებას”, - გვიყვება კესარია.
წიგნებისა და კომპიუტერების გარდა, იდეათეკაში STEM კუთხეცაა მოწყობილი, სადაც მეცნიერებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ მოსწავლეებს მომავალი პროფესიის საფუძვლების გაცნობა შეუძლიათ. STEM კუთხე ქედის სკოლის მოსწავლეებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადგილია, სადაც ყოველდღიურად ახალ-ახალ ფაქტებს იგებენ და ერთმანეთს საკუთარ იდეებს უზიარებენ.
„ჩვენ სკოლაში ძალიან დიდია დაინტერესება ფიზიკის და ზოგადად STEM-ის მეცნიერების მიმართ. გვაქვს ფიზიკის კლუბიც. იდეათეკაში STEM კუთხის არსებობა კი გვაძლევს შესაძლებლობას, ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი შევიმეცნოთ და ყოველდღე გავიგოთ რაღაც ახალი“, - ამბობს მე-10 კლასელი დათუნა ბერიძე, რომელიც მეგობრებთან ერთად STEM სივრცის ხშირი სტუმარია.
იდეათეკა ქედის სკოლის მოსწავლეებისთვის პიროვნული და პროფესიული განვითარების, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენისა და მეგობრების შეძენის საშუალებაა. იდეათეკის სტუმრები არ ჩერდებიან და უკეთესი მომავლის შესაქმნელად საჭირო უნარებსაც ყოველდღიურად ივითარებენ:
“პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ახალი ბიბლიოთეკა ჩვენთვის არის ძალიან ბევრი შესაძლებლობის მომცემი. აქ შეგვიძლია, ახალი ტექნოლოგიები გამოვიყენოთ ყოველდღიურად რაღაც ახლის შესამეცნებლად, წავიკითხოთ წიგნები, ვიმუშაოთ ინდივიდუალურ თუ ერთობლივ პროექტებზე, ვუყუროთ შემეცნებით ფილმებს და სხვა. რაც საგანმანათლებლო პროცესის საინტერესოდ წარმართვაში დაგვეხმარება. ამასთან, იდეათეკა, თავისი იდეით - არ გაჩერდე, ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლის პიროვნული და გონივრული განვითარებისთვის”, – ამბობს მე-11 კლასელი ელენე ბერიძე, რომელსაც იმედი აქვს, რომ იდეათეკას სტუმრების რაოდენობა სულ უფრო და უფრო მეტად გაიზრდება.
საქართველოს ბანკის იდეათეკების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.