მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოთხოვნა ძალიან არის შემცირებული" - როგორია ტურისტული სეზონი ხევსურეთში

XEVSUREtI

„უკრაინა-რუსეთის და ისრაელ-ჰამასის ომის შემდეგ, დამსვენებლების რაოდენობა ძალიან შემცირდა და სასტუმრო აღარ ივსება. შესაბამისად, სასტუმროს გაფართოებაზე არ ვფიქრობთ. რაც არის ჯერ იმასაც ვეღარ ვავსებთ“,- ამის შესახებ BM.GE-სთან საოჯახო სასტუმრო, „გამას“ თანადამფუძნებელმა, ნინო გოგინაშვილმა განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ საოჯახო სასტუმრო „გამა“, თბილისიდან 100 კილომეტრში, პირიქითა ხევსურეთში, სოფელ კორშაში მდებარეობს. ის 6 ნომერს აერთიანებს, საკუთარი სველი წერტილებით და ჯამში 18 ადამიანის მასპინძლობა შეუძლია.

„სასტუმროს ძირითადად საბანაკოდ იყენებენ, რადგან აქედან ხევსურეთის ღირსშესანიშნაობების მიმართულებით გადაადგილება მარტივია. გვაქვს 6 საძინებელი, საკუთარი სველი წერტილით, სადაც 18 ადამიანის მასპინძლობა შეგვიძლია. გვაქვს ტერასა და სტუმრებს ადგილობრივი პროდუქტებითა და საკვებით ვუმასპინძლდებით. ყველაფერი არის იმ დღეს მომზადებული. მთელი ოჯახი აქტიურად ვართ ამ საოჯახო ბიზნესში ჩართული, თუმცა როდესაც ძალიან აქტიური დატვირთვა გვაქვს, ამ შემთხვევაში რამდენიმე ადამიანს ვასაქმებთ ხოლმე.

ძირითადად უცხოელი სტუმრები გვყავს. ადგილობრივი მხოლოდ 10% თუ დადის, დანარჩენი სრულად უცხოელები არიან. ძირითადად, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან გვსტუმრობენ, ასევე გერმანიიდან, შვეიცარიიდან, საფრანგეთიდან. ანუ ძირითადად, ევროპულ ქვეყნებზე ვმუშაობთ. რუსეთ-უკრაინის ომის დროს, მე სრულად ავკრძალე რუსების მიღება, თუმცა ისინი სხვა სახელით და გვარით მაინც ცდილობდნენ დარეგისტრირებას და მაინც შემოდიოდნენ ჩვენს სასტუმროში. დარეგისტრირებული ვართ booking-სა და airbnb-ზე, საიდანაც ვიღებთ ჯავშნებს. ერთი ღამით განთავსება, 120 ლარი ღირს. ღირებულებაში შედის ინტერნეტი, საუზმე - ვახშამი და უფასო პარკინგი.

ჩვენთვის სეზონი მხოლოდ 15 ივნისიდან ოქტომბრის ბოლომდეა, შემდეგ უკვე გზები იკეტება და სტუმრებს ვეღარ ვიღებთ. ამ დროისათვის, წინასწარი ჯავშანი სულ ორი ცალი მაქვს და უნდა აღინიშნოს, რომ მოთხოვნა ძალიან არის შემცირებული“,- აცხადებს გოგინაშვილი.

საოჯახო ტიპის სასტუმროს თანადამფუძნებელი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ როდესაც შვეიცარიელებს ეკითხება, თუ რატომ ჩამოდიან საქართველოში, როდესაც თავადაც საოცარი ბუნება აქვთ, ისინი პასუხობენ, რომ საქართველო მისი ველური და პირველქმნილი ბუნების გამო მოსწონთ.

ინფორმაციისთვის, სოფელ კორშაში მდებარე საოჯახო სასტუმრო, „გამა“ 2019 წლიდან ოპერირებს. მის სრულად მოსაწყობად კი ჯამში 100000 დოლარის ინვესტიცია განახორციელეს. სასტუმრო 6 ნომერს მოიცავს და ჯამში 18 სტუმრის მასპინძლობა შეუძლია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები