საყოფაცხოვრებო ტექნიკის კომპანია "BEKO საქართველოს" გენერალური დირექტორი, მეჰმეთ მელექი, BM.GE-სთან აღნიშნავს, რომ BEKO-ს ქსელში მსხვილ საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე მოთხოვნა, წინა წლებთან შედარებით, გაზრდილია.
"ამ წელს განსაკუთრებული მოთხოვნა მსხვილ ტექნიკაზეა: სარეცხის მანქანებზე, გაზქურებზე და მაცივრებზე, ასევე, ჩასაშენებელ კომპლექტებზე. რატომღაც მობილურების და კომპიუტერების გაყიდვები შემცირებულია.
რაც შეეხება სეგმენტს, მოთხოვნადია საშუალო და მაღალი სეგმენტები, დაბალი სეგმენტი კი თითქმის არ იყიდება", - აღნიშნავს მეჰმეთ მელექი.
მისივე თქმით, წელს BEKO-ს შესახებ ცნობადობა საქართველოში გაიზარდა, მომხმარებლებს შორის კი უცხოელების წილი შემცირებულია.
"BEKO უკვე ძალიან ცნობილი ბრენდია საქართველოში, მისი ცნობადობა 91%-ს აღემატება. აქედან გამომდინარე, მოთხოვნაც მზარდია. აღსანიშნავია, რომ უცხოელი მომხმარებლების წილი შემცირებულია. წინა წლებში, რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად შემოსული მიგრანტების გამო, მათი რაოდენობა გაზრდილი იყო, ამ პერიოდში კი ტექნიკას ძირითადად საქართველოს მოქალაქეები ყიდულობენ", - განმარტავს "BEKO საქართველოს" გენერალური დირექტორი.
კომპანიის დირექტორს ტექნიკის ფასებზეც ვესაუბრეთ. მისი თქმით, ცვალებადი კურსის პირობებში, პროდუქციის ღირებულების ზრდა არ იგეგმება, ვიდრე ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი 2.9-ს არ ასცდება.
მეჰმეთ მელექმა BM.GE-სთან საუბარში ასევე აღნიშნა, რომ წელს კომპანიის მთავარი ფოკუსი ქართულ ბაზარზე ტელევიზორების დიდი არჩევანის შეთავაზებაა.
"BEKO წელს ტელევიზორების ბრენდების კუთხითაა კონცენტრირებული. ბაზარზე სრულიად ახალი ბრენდები და მოდელები გვაქვს შემოტანილი, არჩევანი კი ძალიან გაზრდილია. გვსურს, ვიდრე EURO 2024 ჩემპიონატი მიმდინარეობს, მომხმარებელს კარგი აქციები და არჩევანი შევთავაზოთ", - აღნიშნავს მეჰმეთ მელექი.
კომპანია „BEKO საქართველომ“ საქართველოში საქმიანობა 1997 წელს, ბათუმში გახსნილი ერთი მაღაზიით დაიწყო. დღეს „ბეკოს“ ანგარიშზე ქვეყნის მასშტაბით 100-მდე სავაჭრო წერტილი, 5 სერვისცენტრი, 800 დასაქმებული და ასობით ათასი მომხმარებელია.