თბილისის ბალნეოლოგიურის დირექტორი სალომე ყვავილაშვილი სარეაბილიტაციო გამაჯანსაღებელ ცენტრებისთვის შემუშავებულ ახალ ნორმებს აფასებს და ამ მიმართულებით პროფესიონალი კადრების მოძიებას ყველაზე რთულად შესასრულებელ მისიად მიიჩნევს.
2025 წლამდე სარეაბილიტაციო გამაჯანსაღებელ ცენტრებს ახალი მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ. რა კრიტერიუმებით შემოწმდება ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან შესაბამისი დაწესებულებები მთავრობა მაცნეზე 15 ივლისს გამოაქვეყნა. მომავალი წლიდან პროფილური ცენტრებისადმი გაწერილ მოთხოვნებშია რენტგენოლოგიური სერვისის, ულტრაბგერითი გამოკვლევის და ლაბორატორიული მომსახურების ქონის ვალდებულება.
განახლებული მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ სარეაბილიტაციო გამაჯანსაღებელ ცენტრებში დასაქმებულებსაც. დადგენილებით განსაზღვრულია, რომ ცენტრებში სერვისის მიმღებებს ექიმი, ფიზიკური მედიცინის, რეაბილიტაციისა და კურორტოლოგიის სპეციალისტი უნდა ემსახურებოდეს.
სალომე ყვავილაშვილი ამბობს, რომ ახალი ნორმების მიხედვით დაწესებულებას კურორტოლოგი და რეაბილიტოლოგი უნდა ჰყავდეს, თუმცა კვალიფიციაური კადრები ბაზარზე არ არის.
“ძალიან რთულია კადრების მოძიება, ეს მხოლოდ ჩვენთან არ არის პრობლემა, საქართველოში ამის პრობლემა დგას. მოთხოვნების ერთ-ერთ პუნქტში მოთხოვნაა, რომ უნდა იყოს კურორტოლოგი, რეაბილიტოლოგი უნდა იყოს დაწესებულებაში. სამწუხაროდ, ახალი თაობა, რაც მოდის ამ მიმართულებას არ ირჩევს. სულ ვამბობ, რომ დარგი არ უნდა დაიკარგოს. ჩვენ ექიმების მიმართულებით არ გვაქვს პრობლემა, თუმცა სხვა მიმართულებით ვცდილობთ, რომ მოვიძიოთ გავზარდოთ.
ვეძებდით რეზიდენტებს კურორტოლოგიის მიმართულებით და საქართველოში, საერთოდ ვერ ვნახეთ სამედიცინო განათლების მქონე სპეციალისტები, რომლებიც ამ მიმართულებით აპირებენ გაზრდას. ამიტომ ჩვენ გამოვაცხადეთ კონკურსი და ჩვენ ვუფინანსებთ სტუდენტებს, რომ კვალიფიკაცია აიმაღლონ, დაასრულონ რეზიდენტურა და გვყავდეს ახალგაზრდა მომავალი თაობა.
ასევეა მასაჟისტების მიმართულებითაც. სამწუხაროდ, მასაჟისტების მიმართულება ამ ეტაპზე არ არის სერტიფიცირებული. ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა ბაზარი არის გაჯერებული არაპროფესიონალებით. ვფიქრობ, რომ სერტიფიცირება აუცილებელია, რადგან არ შეიძლება ყველა კუთხეში, კაბინეტში გაიხსნას მასაჟის სერვისი. ელემენტარული განათლება მაინც უნდა ჰქონდეს მასაჟის თერაპისტს”, - ამბობს თბილისის ბალნეოლოგიურის დირექტორი სალომე ყვავილაშვილი.