მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„მოთხოვნამ მოლოდინს გადააჭარბა“ – როგორ ვითარდება უძრავი ქონების ბაზარი გორში?

არევაძე

სამშენებლო დეველოპერული კომპანია „მეგობრობის“ დამფუძნებლის მამუკა არევაძის თქმით, გორის უძრავი ქონების ბაზრისდამი ინტერესი მნიშვნელოვნად გაზრდილია. მისი ინფორმაციით, ამჟამად ქალაქში 20-მდე მიმდინარე და 15 დაგეგმილი პროექტია.

მყიდველების დიდ ნაწილს ადგილობრივი მოსახლეობა შეადგენს, მიზნობრიობა კი უმეტესად საცხოვრებელია.

როგორც არევაძემ გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტთან“ საუბრისას განაცხადა, მზარდია უძრავი ქონების ღირებულებაც, თუმცა ის თბილისის ფასებს, თითქმის ორჯერ ჩამორჩება.

„ჩვენ გორში სოციალურ პროექტს ვახორციელებთ. აღნიშნულ ტერიტორიაზე დაახლოებით 90-მდე დაზარალებული ოჯახი ცხოვრობდა და ჩვენი მთავარი მიზანი, პირველ რიგში, სწორედ ამ ადამიანების მხარდაჭერაა. პროექტი ჯამურად ოთხი ბლოკისგან შედგება და ქალაქის ცენტრში საკმაოდ მასშტაბურად ვითარდება. გათვლილია ჯამში 330 ოჯახზე. საცხოვრებელთან ერთად, პროექტი მოიცავს შიდა ინფრასტრუქტურასაც — ფიტნეს დარბაზებს, მაღაზიებს, აფთიაქებსა და სხვა კომერციულ სივრცეებს, რაც კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს ქმნის.

რაც შეეხება უშუალოდ გორის უძრავი ქონების ბაზარს, ბოლო პერიოდში აშკარაა, რომ რეგიონებში დეველოპერული სექტორი აქტიურად ვითარდება. თავდაპირველად შედარებით დაბალ ინტერესს ველოდით, თუმცა რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა, მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. განსაკუთრებით აქტიურია ემიგრანტების სეგმენტი, სადაც გაყიდვების მნიშვნელოვანი ნაწილი მოდის.

დღევანდელი მონაცემებით, ქალაქში დაახლოებით 20 მიმდინარე პროექტია, დამატებით 15-მდე კი შეთანხმების პროცესშია. ეს ცხადყოფს, რომ გორში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ნამდვილად მაღალია, რადგან ასეთი მასშტაბის აქტივობა მცირე ქალაქისთვის სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა. ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ გორისა და შიდა ქართლის მოსახლეობა უპირატესობას საკუთარ რეგიონს ანიჭებს. იშვიათია შემთხვევა, როდესაც ისინი თბილისში ყიდულობენ ბინას.

მოთხოვნების მხრივ, გორში ოჯახები უფრო ფართო საცხოვრებლებს ანიჭებენ უპირატესობას. თუმცა მნიშვნელოვანი ფაქტორია ფასი: აქ კვადრატული მეტრის ღირებულება მნიშვნელოვნად დაბალია, რის შედეგადაც მომხმარებლები იმავე ბიუჯეტით უფრო დიდ ფართს იძენენ. მაგალითად, თბილისში ერთ საძინებლიანი ბინის ფასად, გორში შესაძლებელია გაცილებით დიდი, დაახლოებით ორჯერ ფართო ბინის შეძენა“, - განაცხადა არევაძემ.

კომპანიაში ფიქრობენ, რომ ქვეყნის მასშტაბით დეველოპერული სექტორი კონკურენტულია, რის გამოც მომხმარებლები, მათ შორის რეგიონებში, ხარისხსა და ტექნიკურ დეტალებში კარგად ერკვევიან.

რაც შეეხება მშენებლობის ღირებულებას, როგორც მამუკა არევაძე აღნიშნავს, ის თბილისსა და გორში თითქმის იდენტურია, ზოგ შემთხვევაში კი რეგიონის ფასები დედაქალაქს მუშახელის ნაკლებობის გამო აჭარბებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ფასების ზრდა გარდაუვალია, რაც ძირითადად სამშენებლო მასალების გაძვირებით არის განპირობებული.

„გორში ნებართვების მიღების პროცესი შედარებით მარტივია, თუმცა ეს არ ნიშნავს სტანდარტების შემცირებას, რეგულაციები იგივე რჩება. ქალაქს ამ ეტაპზე განვითარებისათვის რესურსი აქვს, თუმცა მომავალში მიწის ნაკვეთების დეფიციტიც მოსალოდნელია.

ასევე აღსანიშნავია კლიმატური პირობები, გორში მუშაობა უფრო რთულია, განსაკუთრებით სიცივის გამო, რაც გავლენას ახდენს როგორც სამუშაო პროცესზე, ისე პროექტის ვადებზე. მაგალითად, პროექტი, რომელიც თბილისში ორ წელიწადში სრულდება, გორში, შესაძლოა, სამ წლამდე გაგრძელდეს.

კომპანიისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ავარიული სახლების ჩანაცვლება და დაზარალებული მოსახლეობის დახმარება. ბოლო პერიოდში განხორციელებული ექვსი პროექტიდან თითქმის ყველა სწორედ სოციალური ხასიათის იყო. არ გამოვრიცხავთ რომ გორშიც ამ მიმართულებით განვვითარდეთ“, - უთხრა „უძრავი ქონების პროსპექტს“ მამუკა არევაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები