მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გარეთ ვიქნებით" - Evolution Georgia-ს დასაქმებულები გაიფიცნენ

ევოლუშენ ჯორჯია

Evolution Georgia-ს თანამშრომლები გაიფიცნენ. საპროტესტო აქცია დღეს, 12:00 საათზე დაიწყება. როგორც Bm.ge-ის პროფკავშირ "ლაბორის" თავმჯდომარემ, გიორგი დიასამიძემ განუცხადა, პროტესტი არ შეწყდება მანამ, ვიდრე კომპანია დასაქმებულების მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

მისივე თქმით, დასაქმებულთა ნაწილმა უკვე შეწყვიტა მუშაობა.

"მაგიდების ნაწილი გაჩერებულია. 24/7-ზე ვიქნებით გარეთ, მანამ ვიდრე თანამშრომლების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. კომპანიის ხელმძღვანელობა დუმს. ერთადერთი, რაც გააკეთეს, არის ის, რომ ადგილი, სადაც ჩვენ აქცია დავაორგანიზეთ, ჯებირებით შემოღობეს", - განაცხადა გიორგი დიასამიძემ.

გაფიცულთა მოთხოვნები ანაზღაურების ზრდა და შრომის ღირსეული პირობების შექმნაა. ასევე, ისინი კომპანიას თანამშრომლების მიმართ არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებენ. დავა კომპანიასა და მის თანამშრომლებს შორის მას შემდეგ გამწვავდა, რაც Evolution Georgia-ს მენეჯერების სამსახურებრივი მიმოწერები გავრცელდა, სადაც ისინი დასაქმებულებს დისკრიმინაციული ხასიათის შეურაცხყოფას აყენებენ.

აზარტული თამაშების სერვისების გლობალური მიმწოდებელი Evolution Gaming-ი საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. კომპანიის 2023 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, ჯგუფის მთლიანი შემოსავალი 1.8 მილიარდ ევროს, წმინდა მოგება კი 1.07 მილიარდ ევროს აღემატებოდა. Evolution-ი აზარტული თამაშების ონლაინ კომპანიებს ონლაინ კაზინოს სერვისს სთავაზობს. Evolution-ის გასული წლის ანგარიშის თანახმად, ჯგუფს 17,763 დასაქმებული ჰყავს, საიდანაც ყველაზე მეტი, 6,823 დასაქმებული, კომპანიის ქართულ შვილობილ "ევოლუშენ ჯორჯიაში" მუშაობს.

BMG ცდილობს Evolution Georgia-სთან დაკავშირებას, რომელთა პოზიციას პასუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები