ფოტოსტუდია Kikala Studio, რომელიც ბოლო 20 წელია საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ვიზუალური ხელოვნების ცენტრია, გასულ წელს ბაზარზე ახალი ბრენდით Kikala Factory-თ შემოვიდა.
კომპანიის დამფუძნებელი, მამუკა კიკალიშვილი BM.GE-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ საწარმო, რომელიც ბელიაშვილზე 1.5 მილიონი ლარის ინვესტიციით გაიხსნა და უმაღლესი ხარისხის ბეჭდვის პროდუქტს - კედლის შპალიერებს, მურალებს, კედლისა და ფანჯრის დეკორაციებს აწარმოებს. თუმცა დამფუძნებელი ამბობს, რომ საწარმოო შესაძლებლობების 10%-საც ვერ ითვისებენ.
მისივე განმარტებით, კომპანია მოთხოვნის გაზრდის მოლოდინშია, რომ წარმადობაც გაზარდოს.
“საწარმოს 10%-საც ვერ ვითვისებთ. თუმცა ეს 10%-იც საკმაოდ კარგი რიცხვია. ანუ, ჩვენი ტექნიკა ბევრად მეტის გაკეთების შესაძლებლობას გვაძლევს, უბრალოდ ჯერ მოთხოვნას ველოდებით. მოთხოვნის გაზრდის შემდეგ კი წარმადობასაც გავზრდით“, - თქვა მან.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, Kikala Factory ნედლეულს ევროპული ბაზრებიდან ყიდულობს, ხოლო პროდუქციის დიზაინზე ნინი კიკალიშვილი მუშაობს, რომელიც მილანში, დიზაინერულ კომპანიაში მუშაობდა: „ჩვენი მომხმარებლები ინტერიერის დიზაინერები არიან. რაც შეეხება პროდუქციის ფასს, შპალიერის კვადრატულის ღირებულება 50 ლარიდან იწყება“, - თქვა მან და დასძინა, რომ ოპერირების პერიოდიდან მოყოლებული, მათ ფასები არ დაუკორექტირებიათ.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მამუკა კიკალიშვილის აცხადებს, რომ მომავალ წელს კომპანიაში ახალი მიმართულებების დამატებას და სერვისულ განვითარებას გეგმავს.




























