"საქართველო მეორე ქვეყანაა რეგიონში, აზერბაიჯანის შემდეგ, Trendyol-ზე განთავსებული პროდუქტების მიმართ მოთხოვნის კუთხით", - ამის შესახებ BMG-სთან თურქული ონლაინვაჭრობის გიგანტი კომპანიის, Trendyol-ის კომერციული გაყიდვების დირექტორმა, ომარ კულაკლიკაიამ განაცხადა. მისივე თქმით, კომპანია ქართულ ბაზარზე შემოსვლას არ გამორიცხავს, რისთვისაც მოსახლეობას და საქართველოში არსებულ დინამიკას აკვირდება.
"საქართველოს მოსახლეობა ძალიან ახალგაზრდაა, ხოლო მობილური მოწყობილობების პენეტრაციის მაჩვენებელი ძალიან მაღალია - ყველა სმარტფონს იყენებს. ეს ინდიკატორები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როცა გაფართოებაზე ვფიქრობთ და საქართველოში დიდ პოტენციალს ვხედავთ და იმედი მაქვს, ახლო მომავალში საქართველოს შევუერთდებით", - აღნიშნავს ომარ კულაკლიკაია BMG-სთან საუბრისას.
ჩვენს კითხვაზე, თუ რა მოდელით ოპერირებას განიხილავს საქართველოში Trendyol-ი - უშუალოდ ოფისის გახსნით თუ საფოსტო სერვისის დანერგვით, თურქული ონლაინგიგანტის კომერციული გაყიდვების ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ Trendyol-ს ქვეყნის ბაზარზე შემოსვლის რამდენიმე მოდელი აქვს.
"შეიძლება არსებულ კომპანიებთან ვითანამშრომლოთ ან ოპერაციები გავაფართოოთ და ეს მიმართულება ჩვენით ვმართოთ, მაგრამ არასდროს ვამბობთ უარს შუამავალ კომპანიებზე. ვცდილობთ, მომხმარებელს უკეთესი გამოცდილება შევთავაზოთ, ანუ თუ ის ნივთს ყიდულობს და პრობლემას აწყდება, საშუალება უნდა ჰქონდეს Trendyol-ის გუნდს დაუკავშირდეს, რადგან ასე დაცულები იქნება. ამიტომაცაა, შუამავალ კომპანიებს რომ ვესაუბრებით და ვარკვევთ, როგორია ბაზარზე არსებული მოთხოვნა", - განაცხადა ომარ კულაკლიკაიამ BMG-სთან საუბრისას.
თურქული ონლაინგიგანტის აღმასრულებელმა BMG-სთან Trendyol-ზე ქართული პროდუქციის გაყიდვის შესახებაც ისაუბრა და დასძინა, რომ სურს ამ მიმართულებით ურთიერთობა გაღრმავდეს.
"ჩვენი ფილოსოფია ასეთია: გვსურს, ვაჭრობა ორმხრივი ურთიერთობა იყოს. ქვეყანაში რომ შევდივართ, გვსურს ადგილობრივმა მწარმოებლებმა პროდუქტი თურქეთში ექსპორტზე გაიტანონ და ის თურქეთშივე გაყიდონ და იქიდან სხვა ქვეყნებში გაიტანონ. საქართველოში, ამ კუთხით, ადგილობრივ მწარმოებლებს დავუკავშირდებით", - ამბობს Trendyol-ის კორპორაციული გაყიდვების ხელმძღვანელი, ომარ კულაკლიკაია BMG-სთვის მიცემულ ინტერვიუში.