მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მოცვის მწარმოებელთა ასოციაცია” ევროკავშირის ბაზარზე 800 ტონა მოცვს გაიტანს

მოცვი

მადრიდში, Fruit Attraction 2023 გამოფენის ფარგლებში, “საქართველოს მოცვის მწარმოებელთა ასოციაციასა” და “Wonderland Farmers”-ს შორის ურთიერთობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც 800 ტონა ქართული მოცვი ევროკავშირში ექსპორტზე გავა - ამის შესახებ ინფორმაცია ასოციაციის facebook გვერდზე გავრცელდა და BMG-ის ასოციაციის თავმჯდომარემ, თორნიკე ფანჯავიძემაც დაუდასტურა. 

“ძალიან მნიშვნელოვანი მემორანდუმია, რადგან ეს პირველი შემთხვევაა, როცა ევროკავშირში ამხელა მოცულობის მოცვი გაგვაქვს. წინა წელს, ასოციაციის ფარგლებში 36 ტონა მოცვი გავგზავნეთ ევროკავშირში, სატესტო პარტია, რომლითაც მყიდველი ძალიან კმაყოფილი იყო. აქედან გამომდინარე გავაფორმეთ შეთანხმება, რომ შემდეგი ორი წლის განმავლობაში კონკრეტულ მყიდველებთან 800 ტონა მოცვს გავგზავნით”, - ამბობს ასოციაციის თავმჯდომარე.

ფანჯავიძის თქმით, ქართული მოცვის ექსპორტი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. მომდევნო სეზონზე ასოციაცია ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის მყიდველებსაც მოამარაგებს.

“მემორანდუმი იმას არ ნიშნავს, რომ ევროკავშირის ბაზარზე მხოლოდ 800 ტონა მოცვი გაიგზავნება. შეთანხმებები სხვა მყიდველებთანაც გვაქვს, ძირითადად გერმანია-პოლონეთის ბაზრებზე. ასევე, შესაძლებელია, ორწლიანი მემორანდუმის ფარგლებში, 800-ტონიანი მოცულობა შემდეგ სეზონზევე შეივსოს და 1500 ტონამდე გაიზარდოს, ან უფრო მეტად”, - ამბობს თორნიკე ფანჯავიძე.

მემორანდუმი "საქართველოს მოცვის მწარმოებელთა ასოციაციასა" და გერმანულ მხარეს შორის USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში გაფორმდა. USAID-ის მხარდაჭერით, ასოციაცია გერმანელ მყიდველს ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს დაუკავშირდა, რის შედეგადაც დიდი მოცულობის მოცვის ექსპორტიც განხორციელდა.

ასოციაციის თავმჯდომარეს ქართველი ფერმერების მზაობაზეც ვკითხეთ. მისი თქმით, ასოციაციის წევრი 20-მდე კომპანია მზადაა, ევროკავშირისგან ლურჯ მოცვზე მოთხოვნა, როგორც რაოდენობრივად, ისე სტანდარტების კუთხით დააკმაყოფილოს.

“ჩვენს ასოციაციაში 20-მდე წევრი და 1000 ჰა-მდე ბაღები გვაქვს. ყოველწლიურად იზრდება ბაღების ფართობი, ამიტომ, ვფიქრობთ, რომ, რაოდენობის თვალსაზრისით, ასოციაციას პრობლემა არ ექნება. გვექნება ის რაოდენობა, რომ მემორანდუმით გათვალისწინებულ ვადებში გავგზავნოთ. რა თქმა უნდა, 800 ტონა ნამდვილადაა ის რაოდენობა,  რაც ჩვენგან შეუძლიათ რომ წაიღონ. 

თუმცა ექსპორტი მხოლოდ ასოციაციის ფარგლებში იქნება, რადგან ხარისხს, სერტიფიცირებას, სტანდარტებს დიდ ყურადღებას აქცევენ და ეს აუცილებლად დადასტურებული და მყიდველთან შეთანხმებული უნდა იყოს. ჩვენი წევრი მწარმოებლები მზად არიან ამისთვის, ბევრს აქვს სერტიფიკატი და გაგზავნამდე აუცილებლად ვატარებთ ანალიზს, რომ ყველაფერი სწორად წარიმართოს”, - ამბობს ფანჯავიძე.

რაც შეეხება ფინანსურ სარგებელს, ფანჯავიძის თქმით, ევროპის ბაზარზე მოცვის ღირებულება გაცილებით უფრო სტაბილურია, ვიდრე - რუსეთში. მართალია, ფასების გათვლა წინასწარ შეუძლებელია, თუმცა მოლოდინები მაღალია.

“ევროპის ბაზარი ძალიან სტაბილურია, განსხვავებით რუსეთისგან, სადაც, შესაძლოა, წლის დასაწყისში $10-ად იყიდებოდეს მოცვი და სეზონის ბოლოს $4-ად. შესაბამისად, მოლოდინი არის მაღალი ფასის, რეალური ფასის, რითაც ქართველი ფერმერიც კმაყოფილი დარჩება. წინასწარ განსაზღვრა ძალიან რთულია, რადგან ბაზარზე და სხვა ქვეყნების მოსავალზეც ვართ დამოკიდებული”, - ამბობს თორნიკე ფანჯავიძე.

გასული წლის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებული მოცვის მოცულობამ 1 390 ტონას გადააჭარბა, პროდუქციის 89% რუსეთის ბაზარზე გავიდა. რაც შეეხება 2023 წელს, Galt&Taggart-ის  აგვისტოს მონაცემებით, მოცვის ექსპორტმა 3 000 ტონას მიაღწია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები