მომდევნო 6 თვეში თბილისში 2 219 ახალი ვაკანსია გამოცხადდება. ინფორმაცია ოფიციალურ კვლევას ეყრდნობა, რომელიც საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტმა ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტთან თანამშრომლობით ჩაატარა.
"აღნიშნული ვაკანსიების ანალიზი აჩვენებს, რომ სამომავლოდ თბილისში მოთხოვნა კვლავ იქნება დაბალ და არაკვალიფიციურ მუშაკებზე ძირითადად სამშენებლო კომპანიებში (არაკვალიფიციური მუშების 487 ვაკანსია), საცალო ქსელურ ვაჭრობასა (მაღაზიის გამყიდველების და საქონლის დემონსტრატორების 695 ვაკანსია) და მომსახურების სფეროში (მომხმარებლებთან მომუშავე მოსამსახურეების 422 ვაკანსია)", - ნათქვამია კვლევის დოკუმენტში.
კვლევის ფარგლებში ბოლო 6 თვის განმავლობაში გამოცხადებულ ვაკანსიებიც შეისწავლეს. დადგინდა, რომ მათ შორის (ჯამში 5 674 ვაკანსია) რაოდენობრივად ჭარბობდა პოზიციები არაკვალიფიციურ და დაბალკვალიფიციურ კადრებზე - გამყიდველებსა და პროდუქციის დემონსტრატორებზე (1524 ვაკანსია), არაკვალიფიციურ მუშებზე (880 ვაკანსია), მომხმარებლებთან მომუშავე პერსონალზე (448 ვაკანსია), ვაჭრობის სფეროს არაკვალიფიციურ მუშებზე (316 ვაკანსია) და ა.შ. მოთხოვნილ კადრებს შორის გვხვდება ასევე სპეციალური განათლების საჭიროების პროფესიები - შემდუღებლები, მჭედლები, ზეინკალ-მეხელსაწყოეები, სამრეწველო საწარმოს ოპერატორები, მზარეულები, მექანიკური მოწყობილობების ტექნიკოსები, ელექტრული და ელექტრონული მოწყობილობების მექანიკოსები.
მაღალკვალიფიციური კადრიდან კი მოთხოვნა დაფიქსირდა მენეჯერებსა და ექიმებზე.

























