შვეიცარიულმა კომპანია SGS-მა, რომელიც კონსულტაციას უწევს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროგრამის იმპლემენტაციის მიზნით ანგარიში წარმოადგინა.
კომპანიის ანგარიში ეხება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობებისა და აღჭურვილობის მოთხოვნების განსაზღვრას, ასევე, პერსონალის ტექნიკურ კვალიფიკაციას.
მოთხოვნები საქართველოში არსებული პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრისათვის (პტი) შემდეგია:
პტი ცენტრი არ უნდა მდებარეობდეს ხალხმრავალ და სატრანსპორტო საშუალებების ინტენსიური მოძრაობის ადგილებში;
ინსპექტირებისას სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება სატესტო ხაზზე უნდა განხორციელდეს გამჭოლად, მოხვევისა და უკუსვლის გარეშე;
გარემო პირობები, რომლებშიც ხორციელდება ასს-ის ტესტირების სამუშაოები, გარანტიას უნდა იძლეოდეს მიღებულ გაზომვათა შედეგების უტყუარობაზე. მათ შორის, ტესტირების ხაზის სავალი ნაწილი, რომელზეც გადაადგილდება ასს სამუხრუჭე სისტემისა და სავალი ნაწილის ტესტირებისას, უნდა იყოს საკმარისად ჰორიზონტალური, რათა არ მოხდეს ასს-ს თვითნებური გადაადგილება;
ტესტირების ცენტრის განლაგება, შენობა და ფართობი, რომელიც გამოიყენება ასს- ის ტესტირების სამუშაოების ჩასატარებლად, ენერგიის წყარო, განათება, გათბობა, ვენტილაცია, ელექტრო და სახანძრო უსაფრთხოება, უნდა უზრუნველყოფდეს სათანადო სამუშაო უსაფრთხოების პირობების დაცვას;
ამწე მოწყობილობის გამოყენების შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს საჭირო სიმაღლე კონკრეტული ასს-ს გზისთვის ვარგისობაზე ტესტირებისათვის;
ტესტირების ცენტრი აღჭურვილი უნდა იყოს ხანძარსაწინააღმდეგო და პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებებით;
ტესტირების ცენტრის შენობის ადმინისტრაციული ნაწილები (დოკუმენტაციის გაფორმების ადგილი, მოსაცდელი, სანკვანძი, დამხმარე სათავსო და სხვა ფართი) უნდა იყოს ერთმანეთისაგან იზოლირებული და შეესაბამებოდეს თავის დანიშნულებას;
ასს-ის მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნებისა და შემოწმების მეთოდების შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტები, სტანდარტები, ნორმები, წესები და საცნობარო მონაცემები, რომლებსაც იყენებენ ტესტირების ცენტრები, უნდა იყოს პერსონალისათვის ხელმისაწვდომი;
ინფორმაცია გზისთვის ვარგისობაზე ტესტირებისას ასს-ის მიმართ წაყენებული ძირითადი ტექნიკური მოთხოვნების შესახებ უნდა იყოს განთავსებული ტესტირების ცენტრის თვალსაჩინო ადგილზე და ხელმისაწვდომი ასს-ს მფლობელთათვის. მოთხოვნის შემთხვევაში ტესტირების ცენტრი ვალდებულია, დაინტერესებულ მხარეს წარუდგინოს სრული ინფორმაცია ასს-ს მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების შესახებ;
ინფორმაცია ტესტირების სამუშაოების ტარიფების შესახებ უნდა იყოს განთავსებული ტესტირების ცენტრის თვალსაჩინო ადგილზე და ხელმისაწვდომი ასს-ის მფლობელთათვის;
უნდა აწარმოონ “გზისთვის ვარგისობაზე“ ტესტირების რეგისტრაციის ჟურნალი, გაცემული ფირნიშების ბლანკები გატარდეს რეესტრში და ასს-ის ტესტირების ბარათებს მიენიჭოს უნიკალური ნომრები.
ოპერატორის ვალდებულებაა, სათანადო მომსახურების შესრულებისთვის უზრუნველყოს შესაბამისად, სრულყოფილად აღჭურვილი შენობები. პტი ცენტრები გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ ასს-ების ინსპექტირებისათვის და არ უნდა წარმოადგენდეს იმ შენობა-ნაგებობების ნაწილს, სადაც ხორციელდება მათთან შეუთავსებადი (ინტერესთა კონფლიქტი) საქმიანობა (მაგალითად: სატრანსპორტო საშუალებების მომსახურება, რემონტი და ავტონაწილებით ვაჭრობა). ობიექტი შეესაბამება მოთხოვნებს, თუ აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
ინსპექტირების საშუალებები განთავსებულია გარემო კლიმატური პირობების ზემოქმედებისაგან დაცულ, თერმულად იზოლირებულ, წყალგაუმტარ შენობაში;
აღჭურვილობის განთავსება იძლევა ინსპექტირების ეფექტურად ჩატარების საშუალებას;
შენობის შესასვლელის შეუფერხებელი, უსაფრთხო და მარტივი წვდომა ტერიტორიის შესასვლელიდან, აგრეთვე ტერიტორიის გამოსასვლელის შეუფერხებელი, უსაფრთხო და მარტივი წვდომა შენობის გამოსასვლელიდან, როგორც სატრანსპორტო საშუალებებისათვის, ასევე ქვეითთათვის;
ასს-ს მოძრაობა ინსპექტირების პროცესში არის გამჭოლი, მოხვევისა და უკუსვლის გარეშე;
მოწყობილია სათანადო პარკირების და მანევრირების სივრცეები შესაბამისი კატეგორიის ასს-ებისათვის, რომელთა შემოწმების უფლებაც აქვს ოპერატორს; ინსპექტირების პროცესში უზრუნველყოფილი უნდა იყოს სატრანსპორტო საშუალებების შეუფერხებელი მოძრაობა. ჩვენ ვიძლევით რეკომენდაციას:
პარკინგის სივრცე გათვლილი იყოს შესაბამისი კატეგორიის 3 ასს-ის ინსპექტირებისათვის მოსაცდელად;
გამოიყოს პარკინგის ადგილი სახელმწიფო ასს-თვის;
გამოიყოს 2 სადგომი ადგილი პტი ცენტრის თანამშრომლებისთვის;
ინსპექტირებაზე უარის შემთხვევაში გათვლილი იყოს ინსპექტირების სივრციდან მარტივად გასვლის გზა;
PTI ცენტრს უნდა ჰქონდეს ეფექტური ვენტილაციის სისტემა ან გამონაბოლქვის გამწოვი მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია შესაბამისი კატეგორიის ასს-ის გამონაბოლქვის სისტემაზე მისაერთებლად, რათა თავიდან აცილებულ იქნეს გამონაბოლქვის ან სხვა მავნე აირების დაგროვება, უზრუნველყოფილ იქნეს ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა 2008/50 / EC დირექტივის ნორმების შესაბამისად.
აკრედიტაციის მოთხოვნის ფარგლებში, თითოეულ პტი ცენტრს უნდა ჰქონდეს უზრუნველყოფილი სატელეფონო და ინტერნეტ კავშირი, აგრეთვე ელექტროენერგიის მიწოდება კომპიუტერული მოწყობილობისთვის (სერვერი და სამუშაო სადგური). რეკომენდებულია, რომ IT ოთახი იყოს საოფისე სივრცეში.

























