მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მოუთმენლად ველოდებით უფრო მეტ ინვესტიციას, მეტი კაპიტალის დაბანდებას საქართველოში - UAE-ს სახელმწიფო მინისტრი

ალ საიეღ

არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა, აჰმედ ბინ ალი ალ საიეღმა თბილისის მშრალი პორტის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ პორტი არა მხოლოდ გააძლიერებს ვაჭრობას საქართველოსთან და ცენტრალურ აზიასთან, არამედ გაამყარებს აღმოსავლეთ-დასავლეთის კომერციულ გამტარიანობას.

მინისტრის თქმით, ეს ლოგისტიკური ობიექტი ხელს შეუწყობს პროდუქციის გადაზიდვას აზიიდან (მათ შორის ჩინეთიდან) და ცენტრალური აზიიდან ევროპის მიმართულებით და პირიქით.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს თბილისში კვლავ ვიმყოფები იმ იდეის ოფიციალურ გახსნაზე, რომელიც განხორციელდა თბილისის მშრალი ინტერმოდალური პორტის სახით. ეს დინამიკა, მასშტაბი, ლოგისტიკური ობიექტი არა მარტო გააძლიერებს ვაჭრობას საქართველოსთან და მთელ ცენტრალურ აზიასთან, არამედ გაამყარებს კომერციულ გამტარიანობას აღმოსავლეთ-დასავლეთით და გაზრდის ვაჭრობას. ჩვენ ვატარებთ საწარმოო-სამომხმარებლო ტვირთებს აზიიდან, მათ შორის ჩინეთიდან, ცენტრალური აზიიდან ევროპის მიმართულებით და პირიქით. ჩვენ ვაღრმავებთ ჩვენს ურთიერთობებს საქართველოსთან – სტრატეგიულ, გლობალურ პარტნიორობას. ეს არის ჩვენი ხედვებისა და ფასეულობების გაზიარება, ჩვენი სულისკვეთება, რომ ურთიერთსასარგებლო ვაჭრობა ვაწარმოოთ და ეს იქცეს მშვიდობის, წინსვლისა და სტაბილურობის გარანტად", – განაცხადა ალ საიეღმა.

მინისტრის განცხადებით, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა საქართველოს მთავრობასთან ერთად ახალი საინვესტიციო შესაძლებლობები იპოვონ და არაბთა გაერთიანებული საამიროები მოუთმენლად ელოდება საქართველოში მეტ ინვესტიციასა და კაპიტალის დაბანდებას.

„საქართველო, გარდა იმისა, რომ არის მრავალი საინვესტიციო შესაძლებლობების მქონე ქვეყანა, ასევე ძალიან დიდი ნიჭიერების საბადოა, რაც ჩვენ გვაძლევს საშუალებას, კიდევ უფრო მოვინდომოთ და ეს თანამშრომლობა წარმატებული გავხადოთ. საქართველოს კულტურა არის ის, რასთანაც ჩვენ ძალიან ხშირად გვექნება შეხება მომდევნო წლებში. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას დახმარებისთვის, მადლობას ვუხდი ასევე ინვესტორებისთვის", – აღნიშნა აჰმედ ბინ ალი ალ საიეღმა.

მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით

შეგახსენებთ, გასულ წელს არაბული „აბუ დაბი პორტს გრუპი“ (AD Ports Group) „თბილისის მშრალი პორტის“ 60%-იანი წილის მფლობელი და მთავარი პარტნიორი გახდა. პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში ინვესტიციამ 21 მლნ დოლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები