“აბსოლუტურად გიჭერთ მხარს, რომ წყლის გადასახადი მცირე სასტუმროებში არ უნდა იყოს, ალბათ, კომერციულ დონეზე“, - ასე გამოეხმაურა ეკონიმიკის მინისტრი გიორგი ქობულია რეგიონულ ფორუმზე მონაწილე ერთ-ერთი ტურისტული კომპანიისა და საოჯახო სასტუნროს მფლობელის განცხადებას, რომელიც საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის კომერციული ტარიფით შესაძლო დაბეგვრას ეხებოდა.
კომპანიის წარმომადგენლის თქმით, მსგავსი გადაწყვეტილების შემთხვევაში, საოჯახო სასტუმროები სხვა სასტუმროებთან კონკურენტულობას კარგავენ.
მისივე განმარტებით, უკვე დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც წყლის კომპანიის წარმომადგენლებმა რეგიონებში მდებარე საოჯახო სასტუმროებს კომერციული ტარიფის გადახდა მოთხოვეს, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
ამ საკითხს ფორუმზე ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მუშაობა მიმდინარეობს სემეკ-თან და ამ საკითზე უფრო პოლიტიკური აჟიოტაჟი მიმდინარეობს.
"წყლის ტარიფთან დაკავშირებით არავითარი კონკრეტული საფრთხე არ ემუქრება მცირე საოჯახო სასტუმროებს, რადგანაც სემეკ-საც ძალიან კარგად აქვს გააზრებული, რომ წყლის ტარიფის პოლიტიკა მთლიანობაში ქვეყანაში არის ისეთი საკითხი, რომელსაც ძალიან დიდი სოციალური გავლენაც აქვს, ასევე გავლენა აქვს მცირე, საშუალო თუ დიდ ბიზნესზე.
როდესაც სასტუმროებზეა საუბარი, როგორც ვიცი, არის ხედვა, რომ მოხდეს დიფერენცირება სასტუმროების და იმის გამოყოფა: რა არის ნამდვილად საოჯახო სასტუმრო. ხშირ შემთხვევაში საოჯახო სასტუმროს ვეძახით იმ სასტუმროს, სადაც შეიძლება 30-40 და 50 ნომერიც იყოს.
როდესაც საოჯახო სასტუმროებზე ვსაუბრობთ და ეკონომიკის სამინისტრო "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში საგრანტო დაფინანსებით ეხმარება ოჯახებს, რომ სასტუმროდ გადააქციონ თავისი საცხოვრებელი, რა თქმა უნდა, ამავდროულად სახელმწიფო პოლიტიკას არ მივმართავთ იქითკენ, რომ მათ გავუჩინოთ კომერციული გადასახადი", - აცხადებს მინისტრი.

























