საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ბოლო ხანია ვერ ასრულებს კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს, არ ასახავს მოვლენებს სიღრმისეულად და მიუკერძოებლად.
ისინი ითხოვენ, ეთერები დაეთმოს საზოგადოებრივი აზრის გაჟღერებას და საჯარო დისკუსიებს. ამასთან, გმობენ ძალადობას და სოლიდარობას უცხადებენ დემონსტრანტებს.
"საქართველოს ევროპული მომავალი ჩვენი ისტორიული არჩევანია, რომელიც კონსტიტუციის 78-ე მუხლით მყარდება („კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.”). საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ 28 ნოემბერს გაჟღერებული გადაწყვეტილება არღვევს კონსტიტუციით გამყარებულ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის უზრუნველყოფის ვალდებულებას, რამაც გამოიწვია მასობრივი აქციები და მანიფესტაციები თბილისსა და რეგიონებში. ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქეები, ვგმობთ მშვიდობიანი მოქალაქეების სასტიკ დარბევას, დევნას და დაპატიმრებას, ვდგავართ დემონსტრანტების გვერდით და ვიაზრებთ ჩვენს მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას დავიცვათ ხალხის მიერ არჩეული, კონსტიტუციით გამყარებული აწმყო და მომავალი.
ამ მნიშვნელოვან პროცესებში განსაკუთრებული როლი აკისრია მედიას, განსაკუთრებით საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომლის დამოუკიდებლობაც კონსტიტუციის მე-17 მუხლითაა გაწერილი („კანონი უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას სახელმწიფო უწყებებისაგან და თავისუფლებას პოლიტიკური და არსებითი კომერციული გავლენისაგან.”).
თითოეულ თანამშრომელს გვჯერა საზოგადოებრივი მაუწყებლის ძალის და გავლენის, იდეის, რომ ის ანგარიშვალდებულია მხოლოდ საზოგადოების წინაშე.
სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი ბოლო ხანია ვერ ასრულებს კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს, არ ასახავს მოვლენებს სიღრმისეულად და მიუკერძოებლად. საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა დემოკრატიული სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია, შესაბამისად, საკუთარ ვალდებულებად მიგვაჩნია თავისუფალი სიტყვის დაცვა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის თანამშრომლები ვგმობთ და ვაპროტესტებთ ძალადობას ჩვენი თანამოქალაქეებისა და კოლეგების მიმართ. ვგრძნობთ მოქალაქეობრივ და პროფესიულ პასუხისმგებლობას, სწორედ ამიტომ, მივესალმებით და მოვითხოვთ, ჩვენი ეთერები დაეთმოს საზოგადოებრივი აზრის გაჟღერებას და საჯარო დისკუსიებს",- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებული 60-ზე მეტი ადამიანი აწერს.
იხილეთ განახლებადი ხელმოწერები ბმულზე.