საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღეს პარლამენტში ბრიფინგი გამართეს. ოპოზიცია მიმართავს ხელისუფლებას და აცხადებს, დაუყოვნებლივ გაიწვიოს "რუსული კანონი".
როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ განაცხადა, ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს მოქალაქეებთან ერთად, რომ პარლამენტმა ეს კანონი არ მიიღოს.
თავის მხრივ, "ევროოპტიმისტების" წევრმა, ხატია დეკანოიძემ ახალგაზრდებს მოუწოდა, მივიდნენ პარლამენტთან და გააპროტესტონ "რუსული კანონი".
ოპოზიციონერი დეპუტატის, არმაზ ახვლედიანის თქმით, აღნიშნული კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნება ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ უპირისპირდება საქართველოს კონსტიტუციას.
"საპარლამენტო ოპოზიცია ვაცნობიერებთ ამ მართლაც წარმოუდგენელ გამოწვევას და როგორც არასდროს ვართ ერთიანი, როგორც არასდროს, ვართ მზად, ჩვენს ხალხთან ერთად დავიცვათ საქართველოს კონსტიტუცია, ევროპული არჩევანი და არ მივცეთ უფლება კრემლის მიერ შეკვეთილი სცენარით საქართველოში არეულობას.
მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ იქნეს გაწვეული "რუსული კანონი" და საქართველოს პოლიტიკური სპექტრი დაუბრუნდეს ნორმალური წინასაარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებას, 9-პუნქტიანი გეგმის შესრულებას და საქართველოში დემოკრატიული არჩევნების გზით ნორმალური, ევროპული მმართველობის ჩამოყალიბებას“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
დღეს, 10:00 საათზე პარლამენტის იურიდიული კომიტეტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის, ე.წ. რუსული კანონის განხილვას იწყებს.
კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსს მიანიჭებს ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ მედიას, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებს დონორული ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან თუ უცხოური ასოციაციებისგან. ამ ორგანიზაციებს უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია და ფინანსური დოკუმენტაციების ამ რეესტრში ატვირთვა მოუწევთ. თუმცა, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საგადასახადო მიზნებისთვის სახელმწიფო ნებისმიერი კომპანიის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის შემოსავლების და ხარჯების შესახებ ინფორმაციას ისედაც ხედავს, ხოლო ახალი რეესტრის შექმნა და ამ რეესტრისთვის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად რეგისტრაცია ორგანიზაციებისა და მედიის სტიგმატიზებას ისახავს მიზნად.
აღსანიშნავია, რომ "ქართულმა ოცნებამ" წელს პარლამენტს ხელახლა წარუდგინა კანონპროექტი, რომლის მიღებაც 2023 წლის მარტში მოსახლეობის მასშტაბური პროტესტის გამო, მმართველმა პარტიამ ვერ მოახერხა. ამჟამად "ოცნების" ლიდერები, პრემიერ-მინისტრი, უმრავლესობის ლიდერი და პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებენ, რომ კანონპროექტს აუცილებლად მიიღებენ. ამასთან, თუკი გასულ წელს აღნიშნული კანონპროექტი დაინიცირებული იყო "ქართულ ოცნებასთან" აფილირებული "ხალხის ძალის" მიერ, წელს კანონპროექტის ინიციატორი უშუალოდ "ქართული ოცნებაა".
ინფორმაციისთვის, მსგავსი შინაარსის კანონპროექტი ერთი თვის წინ ყირგიზეთმა მიიღო, რომელსაც 3 აპრილს ხელი მოაწერა ყირგიზეთის პრეზიდენტმა, სადირ ჯაფაროვმა. აღნიშნული კანონიც დამოუკიდებელი სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის სპეციალური რეესტრის შექმნის ვალდებულებას ითვალისწინებს.
ქართულ კანონპროექტში სიტყვა "უცხოური ძალის აგენტი" ჩანაცვლებულია სიტყვებით "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით".