NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა, სადაც ევროკავშირის თავდაცვის მინისტრები იკრიბებიან.
რუტეს საქართველოზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე ჰკითხეს, სადაც ძირითადი განსახილველი საკითხები თავდაცვა და ევროკავშირის მხრიდან უკრაინის დახმარებაა.
"რა თქმა უნდა, მოვუწოდებთ საქართველოს, დაუბრუნდეს მეტი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, ევროკავშირთან დაახლოების ამბიციების ჩათვლით", - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.