მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს კონსტიტუციურ კურსს - განცხადება

ლბს

ლონდონის ბიზნეს სკოლის (London Business School) კურსდამთავრებულები და სტუდენტები მეორე განცხადებას ავრცელებენ:

"ლონდონის ბიზნეს სკოლის“ კურსდამთავრებულთა და სტუდენტთა უმრავლესობა (წინააღმდეგი არავინაა) ვეხმაურებით საქართველოში ბოლო კვირებში განვითარებულ მოვლენებს.

ჩვენი საზოგადოება გახლეჩილია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ხელმეორე ინიცირებით, რაც ხელისუფლების მიერ ადრე გაცემული დაპირების დარღვევით მოხდა და ძალადობით რაც ამ კანონის წინააღმდეგ მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტის ჩახშობის მცდელობას ახლავს.

ვიმეორებთ, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს, როგორც კონსტიტუციით გამყარებული ევროპული ინტეგრაციის გზიდან გადახვევის, ისე ქვეყანაში დემოკრატიული მოწყობის დაზიანების თვალსაზრისით. სამწუხაროდ, ამ კანონის მიღება არამარტო გაგრძელდა, არამედ თვალნათელი გახდა ხელისუფლების მცდელობა ყველა საშუალება იხმაროს სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგობის დასაძლევად.

ჩვენ აღშფოთებულნი ვართ ხელისუფლების უმოქმედობით, შესაძლოა მისი ხელშეწყობით, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ძალადობის ფაქტებით. ეს ძალადობა დიდწილად ინსპირირებულია ხელისუფლების რიტორიკით და შესაძლოა აქტიურადაც არის მისგან ხელშეწყობილი.

ცალსახად, ძალადობის, მათ შორის პოლიციელთა უკანონო ქმედებების, აღკვეთა და პროტესტის გამოხატვის მსურველი ადამიანების უსაფრთხოების დაცვა ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობაა. საქართველოს ხელისუფლება არამარტო არ ასრულებს მისი ფუნდამენტური მოვალეობას, არამედ ასე ჩანს, რომ ის მზად არის გააგრძელოს ძალადობის წახალისება. კერძოდ, სახეზეა პოლიციის წახალისება ან მათზე დავალების მიცემა სასტიკი მეთოდების გამოსაყენებლად პროტესტის ჩასახშობად, ასევე, დაუდგენელი პირების მიერ საწინააღმდეგო აზრის მქონეებზე ფიზიკური ანგარიშსწორება.გვაქვს პოლიციელთა მიერ კანონის გადამეტებით მოქმედების მრავლობითი ფაქტები, მათ შორის მოქალაქეების ცემა. ასევე, მიმდინარეობს დაპატიმრებები რომელთა მოტივაცია, პროტესტთან დროში დამთხვევა და უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევით, მაღალი თანამდებობის პირთა მიერ მძიმე ბრალდებების გაჟღერება საეჭვოა.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს კონსტიტუციურ კურსს და უზრუნველყოს თავისუფალი და უსაფრთხო გარემო პროტესტის გამოხატვის მსურველთათვის" - წერია განცხადებაში.

ამ წუთებში, პარლამენტთან მანიფესტაცია "გაუთენე საქართველოს" მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები