გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო "ქართული ოცნების" მთავრობას მოუწოდებს, რომ ევროკავშირის და გერმანიის შესახებ შეწყვიტოს ცრუ ნარატივების გავრცელება. საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე წერია, რომ გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის მიმართ საქართველოს ხელისუფლება აგრესიულ რიტორიკას იყენებს.
"გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს და გმობს ბატონი პაპუაშვილის უსაფუძვლო ბრალდებებს. ვწუხვართ, რომ დეზინფორმაციისა და დამაზიანებელი ნარატივის გავრცელებით, იგი ზიანს აყენებს გერმანია-საქართველოს ურთიერთობებს. ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ "ქართული ოცნების" წარმომადგენლების აგრესიულ რიტორიკას გერმანიის ელჩის მიმართ. გერმანიის ელჩი თბილისში წარმოადგენს ფედერალური მთავრობის პოზიციას. გერმანია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის პოზიციების და პოლიტიკის შესახებ ცრუ ნარატივების გავრცელება და შეცვალოს თავისი მიმდინარე პოლიტიკური კურსი", - წერია განცხადებაში.
8 სექტემბერს, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ გერმანიის ელჩისგან მხარდაჭერილი "ტიტუშკები" ფაშისტური შეძახილებით, თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ თბილისის შტაბს.




























