ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა (დემოკრატი, ნიუ ჰემფშირი) და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიშმა (რესპუბლიკელი, აიდაჰო) საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს. მათი განცხადებით, „ქართული ოცნება“ ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას და მოუწოდებენ ტრამპის ადმინისტრაციას განიხილოს საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ქმედებები ორმხრივ ურთიერთობებში რაიმე ცვლილების განხორციელებამდე.
„ჩვენ სულ უფრო მეტად შეშფოთებულები ვართ საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის გაუარესებით და საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო ადგილობრივი არჩევნების შემდეგ განხორციელებული შემაშფოთებელი ქმედებებით. პრემიერ-მინისტრ კობახიძის გადაწყვეტილება ოპოზიციური პარტიების კანონგარეშედ გამოცხადებისა და მათი ლიდერების დაპატიმრების შესახებ არის აღმაშფოთებელი, არადემოკრატიული და კიდევ ერთი მანიშნებელი იმისა, რომ „ქართული ოცნება“ საერთოდ არ არის დაინტერესებული პოლიტიკური დიალოგის ნორმალიზაციით. პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებები და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების დაშინება, განსაკუთრებით კი მათი, ვინც თანამშრომლობდა შეერთებული შტატების მთავრობასთან და მისცა ჩვენება ჩვენი კომიტეტის წინაშე, არის მცდელობა, ჩაახშონ განსხვავებული აზრი ქვეყანაში, რომელსაც აქვს სიმართლის თქმის ამაყი ისტორია.
ასევე მიუღებელია ის, რომ საქართველოს მთავრობამ მიზანში ამოიღო აშშ-ის მთავრობის ყოფილი თანამშრომლები უსაფუძვლო ბრალდებებით, რომ ისინი ძირს უთხრიან საქართველოს მთავრობას. მოდით, ნათლად ვთქვათ: სწორედ „ქართული ოცნება“ უთხრის ძირს საქართველოს დემოკრატიას და მათ შესაძლებლობას, განსაზღვრონ საკუთარი მომავალი. ჩვენ მივესალმებით სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას, გამოიძახოს საქართველოს ელჩი ამ შემაშფოთებელი მოვლენების განსახილველად და მოვუწოდებთ ტრამპის ადმინისტრაციას, განიხილოს საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ქმედებები ორმხრივ ურთიერთობებში რაიმე ცვლილების განხორციელებამდე. ჩვენ ვუცხადებთ ჩვენს ურყევ, ორპარტიულ მხარდაჭერას იმ ქართველ ხალხს, რომელსაც უბრალოდ სურს თვითგამორკვევის უფლების მოთხოვნა".
“It is Georgian Dream, not the United States, that is undermining Georgia’s democracy and their ability to determine their future.”
— Senate Foreign Relations Committee (@SFRCdems) October 8, 2025
.@SenatorShaheen and @SenatorRisch of @SenateForeign released a statement today in support of the 🇬🇪 Georgian people ⬇️https://t.co/m31Sgz2unw




























