„4 უმაღლესი თანამდებობის პირთან მიმუშავია. ეს მე-3 პრემიერმინისტრია, რომელიც წავიდა, მაგრამ მიმუშავია 4 უმაღლეს თანამდებობის პირთან - ბატონი ღარიბაშვილი, ბატონი კვირიკაშვილი, ბატონი უსუფაშვილი, ბატონი კობახიძე - მინდა ნათლად ვთქვა, რომ ბატონი გიორგი ყველაზე, ასე ვთქვათ, კომფორტული სამუშაო უმაღლესი თანამდებობის პირი იყო, ნათლად განსაზღვრული და გასაგები ხედვით იმისა, რასაც აკეთებდა და რა მიმართულებითაც ავითარებდა ქვეყანას“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოებისთვის, გაჩნდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, რატომ წავიდა კვირიკაშვილი თანამდებობიდან.
„ მე ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში ეკონომიკა და მოქალაქეების კეთილდღეობა უმაღლეს დონეზეა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ წარუმატებელი იყო ბატონი კვირიკაშვილის საქმიანობა.
ეკონომიკურ პრობლემებზე, დაახლოებით, ერთი თვის წინ პარლამენტში ვისაუბრე, მაგრამ მაშინ სრული მიუღებლობა იყო იმ ჭეშმარიტების, რომ დასაქმების მიმართულებით სირთულეები არსებობს და ასე შემდეგ.
უცებ UNICEF-ის კვლევამ გასაგები გახადა ეს საქართველოს მთავრობისთვის, რომ ეკონომიკის მიმართულებით არსებობს პრობლემები.
მინდა ვთქვა, რომ ბატონი კვირიკაშვილის გუნდის მიერ ორი წლის განმავლობაში, ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები ერთმნიშვნელოვნად ვერ შეიძლება შეფასდეს, როგორც წარუმატებელი და უარყოფითი.
ამავე ფონზე, სრულად გაუგებარია, როდესაც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე არ ხდება კომენტირება და, არ ხდება კომენტირება იმ მთავარ პრობლემაზე, რის გამოც საზოგადოება აქტიურად აპროტესტებს ქვეყნის პოლიტიკას, რომელიც ეხება სწორედ მართლმსაჯულების საკითხებს.
საზოგადოება დაახლოებით, ერთი თვეა ძალიან აქტიურად აფიქსირებს თავის პოზიციციას სამართლიანობასთან და მართლმსაჯულებასთან მიმართებაში და ჩვენ გვეძლევა ახალი ვერსია, რომ თურმე ,,უნისეფის'' კვლევიდან გამომდინარე კვირიკაშვილს ვერ აუგია ეკონომიკური პოლიტიკა და ამის გამო მიდის თანამდებობიდან პრემიერმინისტირი, რომელიც შეიძლება სწორედ ამ მიმართულებით დახასიათდეს როგორც პრინციპული ნაბიჯების გადამდგმელი.
ყოველივე ეს და მათ შორის, ბატონი გიორგის გუშინდელი გადადგომის მოხსენება სწორედაც, რომ ჩვენი ევროპული, გამჭვირვალე და საზოგადოებისთვის გასაგები პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი უნდა გახდეს.
მიმაჩნია, რომ ეს, რაღაცნაირი მასკარადის პერიოდი უნდა დამთავრდეს, როდესაც უცებ ირჩევიან პრემიერმინისტრები.
რა პრინციპით ირჩევიან ისინი საზოგადოებისთვის და მათ შორის, ჩვენი უცოელი პარტნიორებისთვის გაუგებარია, ეს უნდა დამთავრდეს და თუ ევროპულ არჩევანზე და ევროპული სახელმწიფოს ფორმირებაზე ვსაუბრობთ, იქ პრემეირმინისტრები მმართველი პარტიის ლიდერები არიან და შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი, როგორც მმართველი პარტიის ლიდერი უნდა გახდეს პრემიერმინისტრი, თუ ჩვენ ვსაუბრობთ პასუხისმგებლიან პოლიტიკაზე და თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ისეთი სახელმწიფო პროცესის ფორმირებაზე, რომელიც საზოგადოებისათვის გასაგებია.
თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ისეთი პრემიერმინისტრის დანიშვნაზე და ისეთი პრემიერმინისტრის არჩევაზე, რომლის მიმართაც არ გაჩნდება კითხვები: რატომ წავიდა თანამდებობიდან და რომელიც პასუხისმგებელია თავის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე და რომელსაც ძალაუფლება და შესაძლებლობა გააჩნია ამ გადაწყვეტილებების ცხოვრებაში გატარების.
ეს არის ის რეალობა, რომლის წინაშეც ვდგავართ და ასე ფორმირდება ევროპული პოლიტიკური კულტურა.
მე ამას იმიტომ ვამბობ, რომ დღეს ჩვენ საქართველოს ევროპულ გზასთან დაკავშირებით ვერთიანდებით და ვმსჯელობთ.
შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ აი ამ რაღაცნაირი პროცესის დასასრული უნდა იყოს ეს, როდესაც ჩვენ არ ვიცით ვინ, რა პრინციპით ხსნის პრემიერმინისტრებს, რა პრინციპით არჩევს პრემეირმინისტრებს და მე მოუწოდებ საქართველოში პასუხისმგებლიან პოლიტიკურ ძალებს აიღონ პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, მათ შორის, მმართველ პარტიას ყველაზე მეტად და დაასახელონ პრემიერმინისტრად ის ადამიანი, რომელიც პარტიის ლიდერია, რომელთანაც მე სხვათა შორის მიმუშავია, როგორც პრემიერმინისტრის რანგში და შემიძლია ვთქვა, რომ ის კარგი პრემიერმინისტრი იყო, ყოველ შემთხვევაში ჩემი გამოცდილებით. ბიძინა ივანიშვილთან მე ვმუშაობდი როგორც მინისტრი და თანამშრომლობა ძალიან კარგი, საინტერესო და ეფექტური იყო, მაგრამ აი ეს მასკარადი, როდესაც ინიშნებიან ადამიანები და რეალურად გადაწყვეტილების მიმღები თურმე არის პარტია და ეს არ გამოიხატება რეალურ ცხოვრებაში, ჩემი აზრით, ავნებს საქართველოს, ავნებს საქართველოს ევროპულ არჩევანს და ავნებს საქართველოს სტაბილურობას", - განაცხადა მარგველაშვილმა.