თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე „თბილისის მიკროავტობუსს“ მოუწოდებს, ტარიფი არ გააძვიროს.
როგორც მერის მოადგილემ განაცხადა, სამარშრუტო ტაქსებში ფასების განსაზღვრაში თბილისის მერია სამართლებრივად ვერ ჩაერევა, რადგანაც ამის უფლება 2010 წელს დადებული ხელშეკრულების გათვალისწინებით არ აქვს.
"ჩვენ მოვუწოდებთ თბილისის სამარშრუტო ტაქსების მმართველ კომპანიას, რომ არ მოახდინოს ტარიფების გაძვირება. ეს ბუნებრივია, არ იქნება კარგი თბილისელებისთვის",- განაცხადა ლექვინაძემ.
მისი თქმით, მომავალი წლიდან საწვავზე აქციზის გაზრდის შედეგად, შესაძლებელია, გაიზარდოს ბენზინის ფასი, მაგრამ მუნიციპალურ ტრანსპორტის ტარიფი არ მოიმატებს. ფასების შესანარჩუნებლად, მერიას, სავარაუდოდ სუბსიდიის გაზრდა მოუწევს.
"მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც მოიცავს მეტროს და ავტობუსებს, აქ ტარიფის გაზრდა არ განიხილება...საწვავზე აქციზის გაძვირებით, ბუნებრივია, საწვავზე ფასები გაიზრდება, თუმცა, ავტობუსებსა და მეტროზე ფასების ზრდას არ განვიხილავთ. ამ ეტაპზე ამისთვის საკმაოდ სოლიდური სუბსიდიაა გამოყოფილი, 60 მილიონ ლარამდე, თუ გახდება საჭირო დამატებითი სუბსიდია, გამოვყოფთ",- განაცხადა ლექვინაძემ.
შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომაპნია "თბილისის მიკროავტობუსი" ტარიფის გაძვირებას 80 თეთრიდან 1 ლარამდე აპირებდა. კომპანიაში ცალსახა პასუხი კითხვაზე არ გაუციათ და განაცხადეს, რომ თუ შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული იქნება, თბილისის მოსახლეობას რამდენიმე კვირით ადრე ეცნობება.

























