ხშირად ვხვდებით ონლაინ გაყიდვების ვებ-გვერდებზე ქართული წარმოების პირბადეებს, რომელსაც აწერია, რომ პირბადეები ლუგარის ლაბორატორიის დადასტურებით იყიდება. პირბადეების შემოწმება სავალდებულო მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ მისი რეალიზაცია სააფთიაქო ქსელებში ხდება. სხვა დანარჩენ შემთხვევაში გაზაფხულზე ლუგარის გაცემული დასკვნა კომპანიის პრესტიჟის საკითხი იყო. იმ საქმით, რასაც გაზაფხულზე ლუგარის ლაბორატორია აკეთებდა, კერძოდ, პირბადეების ხარისხის მაჩვენებლების შემოწმებას, დღეს ამით ეკონომიკის სამინისტროს სტანდარტიზაციის დეპარტამენტია დაკავებული, თუმცა როგორც მწარმოებლები ამბობენ, დეპარტამენტს შესაბამისი რესურსი არ აქვს, რომ ბაზარზე არსებული პირბადეები შეამოწმოს.
“გიდასტურებთ, რომ ლუგარმა პირბადეების მწარმოებლებზე გასცა ძალიან ბევრი სერთიფიკატი, რომელიც არ ექვემდებარებოდა გაცემას, მაგრამ იმ პერიოდში, ვგულისხმობ მარტსა და აპრილს, პირბადეები საერთოდ არ იყო და არაფრის გაკეთებს რაღაცის გაკეთება სჯობდა. დღეს ლუგარის ლაბორატორია ახალ მეწარმეებზე აღარ გასცემს აღნიშნულ სერთიფიკატებს და აღარ ახორციელებს შემოწმებასაც. ეს ფუნქცია გადაეცა ეკონომიკის სამინისტროს სტანდარტიზაციის დეპარტამენტს, მაგრამ მათ ის ხელსაწყოები არ გააჩნია იმისთვის, რომ წარდგენილი პირბადე შეამოწმონ, იმისთვის, რომ თქვან კარგია თუ ცუდია პირბადე, რას აკმაყოფილებს და რას არა”-ამბობს კომპანია “რესპირატორის” დამფუძნებელი სერგო გალუსტიანი.
BM.GE დაუკავშირდა ეკონომიკის სამინისტროს, სადაც ადასტურებენ, რომ როგორც ადგილობრივი წარმოების, ისე იმპორტირებული პირბადეების მწარმოებლები ვალდებული არ არიან დააკმაყოფილონ საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტები და ეს უკანასკნელი მხოლოდ კომპანიის პრეროგატივაა.
“ბაზარზე რეალიზებული, მათ შორის ადგილობრივად წარმოებული და ასევე იმპორტირებული სამშრიანი პირბადეებისთვის მოთხოვნებს აყალიბებს EN14683 2019 სტანდარტი. ხოლო სპეციალიზირებული პროფესიული დანიშნულების ფარგლებში გამოსაყენებელი პირბადეების (როგორიცაა სამშენებლო სფერო, დაბინძურებული გარემო და ა.შ.) მოთხოვნებს აყალიბებს EN149 სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტები საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად და ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად თარგმნილ იქნა და დადგენილი წესის შესაბამისად დარეგისტრირდა სტანდარტებისა და მეტროლოგიის სააგენტოში. დარეგისტრირებული სტანდარტების არჩევისა და დაკმაყოფილების გადაწყვეტილება წარმოადგენს მწარმოებლის პრეროგატივას და ნებაყოფლობითია საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად”-ამბობენ ეკონომიკის სამინისტროში.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემაც გააკეთა კომერნტარი ბაზარზე არსებული პირბადეების ხარისხთან დაკავშირებით და დარწმუნებით თქვა, რომ იმპორტირებული და ადგილზე წარმოებული პირბადეები გაყიდვაში ჩაშვებამდე გარკვეულ კონტროლს გადის და მოქალაქეებს სრულიად უსაფრთხოდ შეუძლიათ პირბადეების გამოყენება.