მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოხალული თხილი, პასტა - „გლობალ ექსპორტი“ ₾1.5 მლნ-ის ინვესტიციით გურიაში წარმოებას ზრდის

634d0fb1d28e3
ვიქტორია მღებრიშვილი
18.10.22 10:15
1197
საქართველოს მთავრობის 10 ოქტომბრის სხდომაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „გლობალ ექსპორტისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ პროექტი განიხილეს.

BM.GE-ი დაინტერესდა რა გეგმები აქვს კომპანიას, რომელიც თხილის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია და კომპანია „გლობალ ექსპორტს“ კითხვებით მიმართა.

კომპანიის მენეჯერი თამუნა არჩვაძე ამბობს, რომ კომპანია 1.5 მლნ ლარის ინვესტიციით წარმოებას აფართოებს და თხილის პასტის პროდუქტის დამატებას გეგმავს, მიწის მცირე ნაკვეთიც, რომელიც საწარმოს გვერდით მდებარეობს, სწორედ წარმოების განვითარებისთვის სჭირდებოდათ.

„მთავრობის მიერ გადმოცემულ მცირე ტერიტორიაზე სახალავი ხაზის გამართვას და თხილის პასტის წარმოების დაწყებას ვგეგმავთ. წარმოების გაზრდისთვის დაახლოებით 1.5 მლნ ლარის ინვესტიცია სოფლის მეურნეობის აგროსესხის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში იქნება. შედეგად, წელს წარმოებული პროდუქტის მოცულობა დაახლოებით 10%-ით გაიზრდება, ხოლო შემდეგ წელს უფრო მეტითაც“, - ამბობს თამუნა არჩვაძე.

2017 წლიდან გურიაში, ოზურგეთში სახელწიფო პროგრამის ფარგლებში ამოქმედებული წარმოება „გლობალ ექსპორტი“ წლიურად ნედლი 2 მლნ კგ თხილიდან დაახლოებით 8 სახის პროდუქტს აწარმოებს, რაც სრულად ექსპორტზე გადის. (თხილის გული (კანგაუცლელი); გაუტეხავი თხილი; თხილის გული ნახევრები (კანგაუცლელი); დამჭკნარი თხილის გული; მშრალი მოხალული თხილი; ნატურალური კუბებად დაჭრილი თხილი; თხილის ფქვილი; თხილის პასტა).

დღეისთვის კომპანია 130 ადამიანს ასაქმებს, თუმცა დამატებითი ხაზების გამართვის შემდეგ კიდევ 10 სამუშაო ადგილს შექმნის. კომპანიის მენეჯერის თქმით, საწარმოს მოწყობისთვის საჭირო დანადგარები უკვე შეძენილია და მათი სრულად გამართვა უახლოეს მომავალში მოხდება.

თამარ არჩვაძის თქმით, „გლობალ ექსპორტის“ მიერ წარმოებული პროდუქტი სრულად ექსპორტზე 2 ქვეყანაში იტალიასა და ჩეხეთში გადის და ამ ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე არ იყიდება. ამას კომპანიაში შემდეგნაირად ხსნიან: „ადგილობრივი ბაზარი იმ მოცულობით, რა წარმოებაც ჩვენ გვაქვს, თხილს ვერ აითვისებდა. ჩვენთან თხილის მოხმარების კულტურა, ისეთი მაღალი არ არის, როგორიც ევროპაშია, იქ სხვადასხვა დასახელების პროდუქტების წარმოებაშიც ხმარობენ იმ პროდუქტებს, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ. ამასთან, გურიაში ასეთი საწარმოები თითქმის არ არის, შესაბამისად ამ საქმიანობის ბიზნესად ქცევა ევროპაში თხილის პროდუქტებზე მოთხოვნამ განაპირობა“.

კომპანიაში იმასაც განმარტავენ, რომ მოსახალი ხაზის ამოქმედების შემდეგ შესაძლოა „გლობალ ექსპორტის“ თხილი საცალოდ ადგილობრივ ბაზარზეც გამოჩნდეს.

„გლობალ ექსპორტში“ აღნიშნავენ, რომ საექსპორტო და ადგილობრივ ბაზარზე თხილის ღირებულება სხვადასხვანაირია. წელს მისი ღირებულება ექსპორტზე საშუალოდ 8 ლარი იყო, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე ხარისხის მიხედვით 2-5 ლარი. ამ ეტაპზე საცალო მიმართულება არ გვაქვს, თუმცა მოხალული თხილის წარმოების დაწყების შემდეგ შესაძლოა საცალო გაყიდვების ინტერესიც გაჩნდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები