მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოზარდებში კრიტიკული აზროვნების და წიგნიერების დეფიციტია"

5ad2759178f3e
მაია ბიწაძე
15.04.18 18:30
2804
დღეისათვის მოზარდებში წიგნიერების და კრიტიკული აზროვნების უნარებს დეფიციტია, ამის შესახებ Bm.ge-ს „აზროვნების აკადემია ლეტერატოს“ დამფუძნებელმა, თაკო რაზმაძემ განუცხადა.

„დღეისთვის რეალობა ისეთია, რომ ჩვენს ქვეყანაში მოზარდებს უჭირთ რეალურ ცხოვრებაში იმ ცოდნის ან უნარ-ჩვევების გამოყენება, რასაც ისინი სკოლაში იძენენ. მაგალითისთვის, პრობლემაა წიგნიერება, ხოლო სკოლის ასაკის მოსწავლეთა უნარები, რომლის წყალობითაც ისინი უნდა ახდენდნენ ცოდნისა და გამოცდილების შეძენას, პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას, და საბოლოოდ, ზრდასრულ ცხოვრებაში სრულფასოვან ინტეგრაციას საზოგადოებაში, უმეტესად არადამაკმაყოფილებელია. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარება, რომელიც ფაქტებზე დაფუძნებული ანალიზის, მიუკერძოებელი მიდგომისა და ლოგიკური აზროვნების ერთობლიობაა“ - განაცხადა თაკო რაზმაძემ.

ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, “მოსწავლეების საერთაშორისო შეფასების” [PISA] 2015 შედეგების თანახმად, კითხვაში, მათემატიკასა და მეცნიერებებში საქართველომ მონაწილე 72 ქვეყანას შორის ყველაზე დაბალი შედეგები აჩვენა. 2009 წლის PISA+-ის ანგარიშმა კი ცხადყო, რომ საქართველოში მოსწავლეების მხოლოდ 38%-მა იცის წერა-კითხვა ცხოვრებაში პროდუქტიულად მონაწილეობისათვის საჭირო საბაზისო დონეზე ან მის ზემოთ. მათემატიკაში მოსწავლეების 40%-ზე მეტი ვერ პასუხობს კითხვებს ნაცნობ კონტექსტში, ვერ საზღვრავს ინფორმაციას და ვერ ატარებს მარტივ მოქმედებებს.

„ლეტერატო“ 2017 წელს შეიქმნა მოზარდებისთვის სწორედ იმ უნარ-ჩვევების განსავითარებლად, რაც მათ სამომავლოდ ცოდნის შეძენაში, წარმატების მიღწევასა და საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში დაეხმარება. დღეისთვის აზროვნების აკადემია მოზარდებს წიგნიერების, კრიტიკული აზროვნების, ხელოვნების ისტორიის კლასებს სთავაზობს და განკუთვნილია მოზარდებისთვის VI-დან XII კლასის ჩათვლით.

აზროვნების აკადემია „ლეტერატომ“ კრიტიკული აზროვნების მიმართულებით სულ ახლახანს დაიწყო ინგლისურენოვანი კურსი უფროსკლასელთათვის, რომელსაც ამერიკელი პედაგოგი, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი და პოლიტიკურ მეცნიერებათა კანდიდატი მაიკ მარტლი უძღვება. კურსის ამოცანაა უფროსკლასელებში პრობლემების გადაჭრის უნარების გაუმჯობესება, შემოქმედებითი აზროვნების განვითარება და ლოგიკური აზროვნების გაუმჯობესება. ინტერაქტიული კურსი ჯგუფური დავალებების, სავარჯიშოებისა და თამაშების დახმარებით მარტივად შეასწავლის მოზარდებს ისეთ რთულ საკითხებს, როგორიცაა რესურსების მართვა, მტკიცებულებებისა და ფაქტების ანალიზი, სტრატეგიული დაგეგმვა, დროის მართვა და სხვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები